სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯ „მოდუსს“ რუსთავსა და მარნეულში 500-ზე მეტი სტუდენტი ჰყავს და ამ ეტაპზე 24 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, დაინტერესება კი წლიდან წლამდე იზრდება, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორმა ნინო ქავთარაძემ განაცხადა.

მისი თქმით განსაკუთრებით დიდი დაინტერესებაა IT და ვებ-ტექნლოგიების მიმართულებზე, რადგან ისინი დღეს ერთ-ერთი პოპულარული და მოთხოვნადი დარგებია.

„2016 წლიდან კოლეჯ „მოდუსის“ ინფრასტრუქტურის განახლება მოხდა, 2019 წელს გაიარა რეავტორიზაცია, „მოდუსი“ დაერქვა. დღეს ძალიან ვამაყობთ, რომ მარნეულში ფილიალი გვაქვს. ამ წუთს 500-ზე მეტი სტუდენტი გვყავს რუსთავში და მარნეულში.

ამ ეტაპზე კოლეჯი ახორციელებს 24 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, მათ შორისაა - სამშენებლო-საინჟინრო და აგრარული მიმართულებები, კერვა, თმის სტილისტების მომსახურებისა და კულინარიის პროგრამები, IT მიმართულების 3 პროგრამა, შარშან დავამატეთ ვებ-ტექნოლოგიები და ახალგაზრდობის მიზიდულობა და ჩართულობა ძალიან გაიზარდა, რადგან დღეს ერთ-ერთი პოპულარული დარგებია და თვითდასაქმებადიცაა“, - აცხადებს ნინო ქავთარაძე.

კოლეჯ „მოდუსის“ მარნეულის ფილიალი 2 წლის წინ გაიხსნა და ამ ეტაპზე იქ 7 პროგრამა აქვთ. როგორც მარნეულის ფილიალის მენეჯერის, სალომე მაყაშვილის ამბობს, ეთნიკური უმცირესობების მხრიდან მომართვიანობა ძალიან მაღალია, ისინი მარნეულის ფილიალის სტუდენტების დაახლოებით 60-70%-ს წარმოადგენენ.

„ამ ეტაპზე ვახორციელებთ 7 პროგრამას. მათ შორის გვაქვს ქართული ენის შემსწავლელი კურსი. მოგეხსენებათ, რომ ენის ბარიერი ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა. ქართული ენის კურსი 6-თვიანია, მაგრამ 6 თვე არ არის საკმარისი და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ კურსი 1-წლიანი გახდება. რაც შეეხება სხვა პროგრამებს, ამ ეტაპზე არის ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადია, წელს პირველად ვახორციელებთ სამკერვალო წარმოებას, გვაქვს აგრარული მიმართულების განხრით - მეხილეობისა და მებოსტნეობის მიმართულებები, ასევე ელექტრობის შემსწავლელი, ბუღალტრული აღრიცხვასა და აღმზრდელის პროგრამები“, - ამბობს სალომე მაყაშვილი.

რაც შეეხება დასაქმებას, კოლეჯი რუსთავშიც და მარნეულშიც ბაგა-ბაღების გაერთიანების პარტნიორია და როგორც ნინო ქავთარაძე აცხადებს, ბაგა-ბაღების გაერთიანებასთან თანამშრომლობით „მოდუსის“ სტუდენტების 90% ბაგა-ბაღებში საქმდება.

„კერვის პროგრამის დასრულების შემდეგ, ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან, თავისი ბიზნესი დაიწყონ და საკუთარი სამკერვალო გახსნან; კომპანია Knauf-თან თანამშრომლობის ძალიან კარგი პრაქტიკა გვაქვს. მათი წარმომადგენელი ჩვენთან ლექციებს ატარებს და ჩვენებიც ესწრებიან ადგილზე ლექციებს და ეს ბავშვებში მოტივაციას ზრდის; მებოსტნეობის ნაწილში ადგილობრივი ფერმერებისთვის ძალიან ღირებულია ხოლმე ჩვენი სტუდენტების დახმარება“, - ამბობს ნინო ქავთარაძე.

სალომე მაყაშვილის თქმით, ელექტრობის პროგრამას დასაქმების ძალიან კარგი მაგალითები აქვს მარნეულში. კოლეჯი ენერგო-პრო ჯორჯიასთან თანამშრომლობს და ბევრი მათი სტუდენტი უკვე ამ კომპანიაშია დასაქმებული.