პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ, ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics-თან ინტერვიუში განაცხადა.
კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ კვირას გახდება ცნობილი.
„ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.