2024 წელი ქართული ფეხბურთისთვის ისტორიული აღმოჩნდა. მიუხედავად საკლუბო დონეზე გარკვეული ჩავარდნებისა, მრავალი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სპორტული ცხოვრება გაალამაზა.
პირველად ევროპის ჩემპიონატზე:
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა 26 მარტს ევრო 2024-ის პლეი ოფში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა (0:0 – პენალტების სერიით 4:2) და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ვილი სანიოლი გახდა პირველი მწვრთნელი, რომლის ხელმძღვანელობითაც „ჯვაროსნებმა“ ასეთი წარმატება მოიპოვეს.
ისტორიული გამარჯვება და ქულები:
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა საქართველომ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ქულა ჩეხეთთან (1:1) მოიპოვა, ხოლო მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრები დაამარცხა (2:0) და ტურნირის 1/8 ფინალში გავიდა.
გულშემატკივრები გერმანიაში:
გერმანიაში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე „ჯვაროსნებს“ ქართველი გულშემატკივრების უზარმაზარი არმია ამხნევებდა. ოთხივე შეხვედრას, დაახლოებით, 60 ათასი ქართველი დაესწრო.
ისტორიული ჯილდო – „ოქროს ბუცი“:
გიორგი მიქაუტაძემ ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე 3 გოლი გაიტანა და ტურნირის თანაბომბარდირი გახდა. მან „ოქროს ბუცი“ მოიპოვა, რაც ასევე ისტორიული მოვლენაა.
გიორგი მამარდაშვილის აღიარება:
ევრო 2024-ზე ჩეხეთთან მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს მატჩის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ჯილდო გადაეცა. ტურნირზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ზოგიერთი გამოცემის მიერ ის სიმბოლურ გუნდში დასახელდა და პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში „ოქროს ბურთის“ საუკეთესო მეკარეთა სამეულში მოხვდა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო ისტორიულ შეხვედრაში:
ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. შეხვედრის შემდეგ მან კრიშტიანო რონალდოსგან მაისური მიიღო.
წლის საუკეთესო მოთამაშე ავსტრიაში:
ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. სეზონის ბოლოს ის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.
სარეკორდო ტრანსფერი:
გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერი „ვალენსიიდან“ „ლივერპულში“ 35 მილიონ ევროდ განხორციელდა, რაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში სარეკორდოა. მანამდე რეკორდი გიორგი მიქაუტაძეს ეკუთვნოდა, რომლის ტრანსფერიც „მეციდან“ „აიაქსში“ 16 მილიონ ევროდ განხორციელდა.
წლის სიურპრიზი:
ვახტანგ სალია „დინამო თბილისიდან“ „ნიუკასლში“ გადავიდა და 17 წლის ასაკში ინგლისის პრემიერლიგაში მოხვდა.
ახალგაზრდული ნაკრების წარმატება:
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები პლეი ოფში პენალტების სერიაში დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს.
ქალთა ნაკრების პროგრესი:
საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა, ირის ანტმანის ხელმძღვანელობით, პირველად მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საგზური.
ჰეთ-თრიქი საფრანგეთის ლიგა 1-ში:
ზურიკო დავითაშვილი პირველი ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც საფრანგეთის ლიგა 1-ში ჰეთ-თრიქი შეასრულა. მან „სენტ ეტიენის“ მაისურით ერთ შეხვედრაში 3 გოლი „ოსერს“ გაუტანა.
წლის ახალგაზრდა ფეხბურთელი:
საბა გოგლიჩიძემ სერია A-ში სადებიუტო მატჩის შემდეგ „ემპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა, მისი სატრანსფერო შეფასება კი 300 ათასიდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა.
რეკორდული შეფასება:
Transfermarkt-ის მიხედვით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა საერთო სატრანსფერო ღირებულება 197 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც რეკორდია.