ქართველი გარდაცვლილი მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის ქალიშვილს, იას და მის მეუღლეს, სტომატოლოგს ევგენი ჰუნიაკს, ლონდონში 32 მილიონ ფუნტ სტერლინგად შეძენილი სახლის უკან დაბრუნება მოუწიათ. მიზეზი ჩრჩილი გახდა. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
წყვილმა ვიქტორიანული სტილის ვილა ნოტინგ ჰილში 2019 წელს 32 მილიონ ფუნტ სტერლინგად იყიდა. გამყიდველი გაერთიანებული სამეფოს ყოფილი ნიჩბოსანი და ქონების დეველოპერი, უილიამ ვუდვარდ-ფიშერი იყო. დეველოპერმა ქონება თავად 2011 წელს იყიდა. გაყიდვამდე სახლი გაფართოვდა და სრულყოფილად გარემონტდა. პატარკაციშვილმა და ჰუნიაკმა იყიდეს შვიდოთახიანი სახლი აუზით, სადაც ასევე არის სპა, სპორტული დარბაზი, ღვინის ოთახი, ბიბლიოთეკა და კინოთეატრი. სახლში გადასვლიდან რამდენიმე დღეში მათ აღმოაჩინეს, რომ შენობაში უამრავი ჩრჩილი ბინადრობდა, რომლებმაც ტანსაცმელი და ავეჯი დააზიანეს.
წყვილმა ვუდვორდ-ფიშერს უჩივლა და გარიგების გაუქმება მოითხოვა. ადვოკატ ჯონ მაკგიის თქმით, რომელიც მათ სასამართლოში წარმოადგენდა, ჰუნიაკს ყოველდღე ასობით მწერის განადგურება უწევდა. სასამართლო სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ წყვილმა სახლი შეძენამდე 11-ჯერ მაინც მოინახულა.
სასამართლომ გარიგება გააუქმა და გამყიდველს თანხის დაბრუნება დაავალა, თუმცა საწყის თანხას ქონების სარგებლობისთვის 6 მილიონი ფუნტი გამოაკლდა. გამყიდველს ასევე დაევალა ზარალის ასანაზღაურებლად დამატებით 4 მილიონი ფუნტის გადახდა.
მოსამართლემ დაადგინა, რომ ვუდვორდ-ფიშერმა წყვილს სახლის შეძენისას არ გაუმხილა ინფორმაცია, რომ უძრავ ქონებას ჩრჩილებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები ჰქონდა და ბინასაც სწორედ ამ მიზეზით ყიდდა. ფენკურმა აღიარა, რომ მოპასუხე განზრახ არ ცდილობდა მყიდველების მოტყუებას, არამედ „უბრალოდ სურდა სახლის გაყიდვა’’, რადგან იცოდა, რომ პრობლემის გამჟღავნება გაყიდვის ჩაშლას გამოიწვევდა. წყვილმა სასამართლოში განაცხადა, რომ სახლში ჩრჩილის გავრცელების მიზეზი საიზოლაციოდ გამოყენებულ სპეციალურ ბამბაში არსებული პარაზიტები იყო, რომლებიც კედლებსა და ჭერში ბუდობენ.