იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც ახლებურად აწესრიგებს ადამიანის ორგანოების მკურნალობის მიზნით გადანერგვის საკითხებს და ადგენს გადანერგვისთვის განკუთვნილი ორგანოების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებსა და ეთიკურ პრინციპებს.

კანონპროექტში გაწერილია გადანერგვისთვის გამიზნული ორგანოების დონაციის, ტესტირების, მოპოვების, შენახვის, განაწილების, ტრანსპორტირებისა და გადანერგვის საკითხები. კანონის მიღების შემთხვევაში მისი მოქმედება არ გავრცელდება რეპროდუქციულ ორგანოებზე, ემბრიონის ან ნაყოფის ორგანოებზე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა სრულად არ ითვალისწინებს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ტრანსპლანტაციის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

პირველი, ძალიან ბაზისური და მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც ევროკავშირში მოქმედებს და ევროდირექტივის ერთ-ერთი ფუნდამენტური მოთხოვნაა არის ამ სისტემის უანგარობა, ანუ ტრანსპლანტაცია და ორგანოების გაღება დონორმა უნდა მოახდინოს უანგაროდ, რაიმე ფინანსური წახალისებისა თუ ინტერესის გარეშე, რაც გამორიცხავს მასზე ზეწოლის შესაძლებლობას და რაიმე ტიპის არაკეთილსინდისიერ ქმედებას ამ პროცესში“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისი თქმით. კანონპროექტი შემუშავებულია ევროკავშირის დირექტივებისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციების შესაბამისად და მას თან ახლავს თანმდევი ცვლილები 12 კანონში.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.