დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით, ოზურგეთში, დასაქმების ფორუმი გაიმართა – ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ღონისძიების ფარგლებში, 30-მდე ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ, რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, "რითეილ", სასტუმრო და სარესტორნო სფეროებიდან.

მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, კომპანიების HR მენეჯერებისაგან, აქტიური ვაკანსიების შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიეღოთ.

ფორუმის პარალელურად, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც ადგილობრივ მეწარმეებთან ერთად, მსჯავრდებულების მიერ შექმნილი სუვენირებიც იყო წარმოდგენილი.

დასაქმების ფორუმს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში გიორგი  ღურჯუმელიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მიხეილ სარჯველაძემ, ოზურგეთში,  სახელმწიფო კოლეჯი "ჰორიზონტიც" მოინახულა და ადგილზე გაეცნო სააგენტოს მიერ დაფინანსებული, მოკლევადიანი პროფესიული კურსების სასწავლო პროცესს.

ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებითა და გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის  ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.