რუსეთის საზღვაო ნავსადგურებზე შექმნილი შეფერხებების ფონზე, ცენტრალური აზიიდან საქართველოს გავლით გრანულირებული გოგირდის რეგულარული ტვირთნაკადის მოზიდვის შესაძლებლობა იზრდება.

სექტემბრის დასაწყისში უკრაინული დრონების მიერ რუსეთის ბალტიის ზღვაში მდებარე უსტ-ლუგას ნავსადგურზე განხორციელებულმა დარტყმებმა ყაზახური გოგირდის საერთაშორისო ბაზრებზე ტრანსპორტირებას დამატებითი რისკები შეუქმნა. აღნიშნული ნავსადგური ყაზახეთის თენგიზის საბადოდან წარმოებული გოგირდის ექსპორტის ერთ-ერთი მთავარი მარშრუტია.

ნავსადგურში ხანძრისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების შედეგად გაიზარდა სარკინიგზო შეფერხებები, ვაგონების დაგროვება, პროდუქციის შენახვისა და დაზღვევის ხარჯები, რამაც ყაზახეთის საექსპორტო კონტრაქტების შესრულებასაც შეუქმნა რისკი.

პრობლემები შეიქმნა შავი ზღვის აუზში მდებარე რუსეთის კიდევ ერთ მსხვილ ნავსადგურ ტამანშიც, რომელიც გოგირდის გადაზიდვებში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. 2024 წელს ტამანმა 650 ათასი ტონა გრანულირებული გოგირდი გადაამუშავა, 2025 წელს კი მოცულობამ 800 ათას ტონას გადააჭარბა. მიმდინარე წლისთვის ნავსადგური დაახლოებით 1.5 მლნ ტონა გოგირდის გატარებას გეგმავდა.

ამ ვითარებაში ალტერნატიულ მარშრუტად საქართველოს გავლით შუა დერეფნის გამოყენების შესაძლებლობა იზრდება. ყაზახეთი უკვე იყენებს ამ მიმართულებას გოგირდის მცირე პარტიების გადასაზიდად, ძირითადად ბათუმის ნავსადგურის გავლით, თუმცა დერეფნის ინფრასტრუქტურა დიდი მოცულობის ტვირთნაკადის მისაღებად ჯერ სრულად ადაპტირებული არ არის.

საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბათუმის ნავსადგურის შესაძლებლობები. Wondernet Express-ის ტერმინალს ცენტრალური აზიიდან ქიმიური მშრალი ტვირთების, მათ შორის გოგირდის, დამუშავების გამოცდილება უკვე აქვს. 2025 წელს ბათუმის ნავსადგურში 37 ათასი ტონა ყაზახური გოგირდი დამუშავდა — 29 ათასი ტონა მაროკოს, ხოლო 8 ათასი ტონა თურქეთის მიმართულებით.

გოგირდის ახალი ნაკადების მისაღებად სიმძლავრეები ფოთშიც იზრდება. „ფოთის ახალი საზღვაო ნავსადგურის“ ტერიტორიაზე შექმნილი ინფრასტრუქტურა ცენტრალური აზიიდან ახალი ტიპის ტვირთების მიღებასა და გადამუშავებას ითვალისწინებს. არსებული შესაძლებლობით, ნავსადგურს წლიურად 210 ათასი ტონა გოგირდის გადამუშავება შეუძლია.

მომარაგების პოტენციალი ცენტრალური აზიის ბაზარზე საკმაოდ დიდია. გოგირდის მსხვილ მწარმოებლებს შორის არიან ყაზახეთის Tengizchevroil და Kashagan-ის პროექტი, თურქმენეთის Galkynysh Gas Field Processing Complex და უზბეკეთის Mubarek Gas Processing Plant.

Tengizchevroil-მა 2026 წლის პირველ ნახევარში 1.2 მლნ ტონა გოგირდი უკვე გაყიდა. Kashagan-ის წლიური საექსპორტო პოტენციალი 1-1.3 მლნ ტონად ფასდება, თურქმენეთის გოგირდის ექსპორტმა კი 2025 წელს დაახლოებით 1.4 მლნ ტონა შეადგინა. უზბეკეთში წლიური წარმოება 550 ათას ტონას აღწევს, საიდანაც დაახლოებით 300 ათასი ტონა ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.

ამ მოცულობების ფონზე, სათანადო სარკინიგზო და საპორტო ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, ცენტრალური აზიის მწარმოებლებისთვის შუა დერეფანი შესაძლოა უფრო მიმზიდველი ალტერნატიული საექსპორტო მარშრუტი გახდეს.

საქართველოსთვის ეს ნიშნავს შესაძლებლობას, შუა დერეფნის გავლით არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ უფრო სტაბილური და დიდი მოცულობის ქიმიური ტვირთნაკადი მოიზიდოს. გოგირდი კი ერთ-ერთ იმ ტვირთად განიხილება, რომელსაც რეგიონში არსებული ლოგისტიკური შეფერხებების ფონზე საქართველოს გავლით რეგულარულ ნაკადად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს.

ნახეთ ვრცლად: TCRC