ინტერნეტით ნივთის გამოწერა ძალიან მოსახერხებელია, თუმცა, რამდენად ხელსაყრელი და უსაფრთხო, ეს სადავოა
„შევიძინე ონლაინგაყიდვის მაღაზიიდან ელექტრობუხარი, რომლის აღწერა არ შეესაბამებოდა რეალობას. მომიტანა კურიერმა სახლთან ნივთი და ადგილზე გადავეცი თანხა. შემდგომ როცა ამოვიტანე ნივთი სახლში, რეალურად იყო სხვანაირი, არ შეესაბამებოდა იმ რეალობას, რაც იყო მითითებული რეკლამებსა და საიტზე. კომპანიას მივმართე მათივე დაბრუნების პოლიტიკით, 14 დღის ვადაში თუ მივმართავდი კომპანიას, 24 საათის ვადაში აბრუნებინებდნენ ნივთს, თუმცა ყურადღება არ მომაქციეს“, – გვიამბობს ალექსანდრე ფაცაცია.
შესაძლოა, მსგავსი რამ თქვენც გადაგხდენიათ, ან თქვენს მეგობარს, ან სულაც ოჯახის წევრსა თუ ნაცნობს უთქვამს, რომ ონლაინ, დისტანციურად შეუძენია ნივთი, თუმცა ამანათის მიღებისა და მისი გახსნის შემდეგ ისეთი არ აღმოჩნდა როგორიც ფოტოზე ჩანდა, ჰქონდა წუნი, ან არ მუშაობდა.
„მივწერე კვირა დღეს, რომ ნივთი დაებრუნებინათ, რადგან რეალურად სხვა ნივთი მომივიდა და მსურდა სხვა. კომპანიამ მომწერა, რომ დღეს არასამუშაო დღე არის და ვერ გიპასუხებთო, შემდგომ სამუშაო დღეს, ორშაბათს, როცა მივწერე, უკვე პასუხი არ გამცეს, თუმცა შეტყობინება ნახეს…”
ინტერნეტის საშუალებით შეიძინა ნივთი მარიამ ბანძელაძემაც.
„შევიძინე პროექტორი… ჩემი რძლისა და ძმისთვის მინდოდა საჩუქრად, წინასწარ შევუკვეთე, ჩავრიცხე თანხა, მხოლოდ კურიერის მომსახურების თანხა გადამახდევინეს, დანარჩენი ადგილზე უნდა გადამეხადა. მომიტანეს, პროექტორი იყო გაფუჭებული, არ ირთვებოდა, მაშინვე გადავუგზავნე ვიდეო, რომ არ ირთვებოდა. მომწერეს, რომ დავლოდებოდი ცოტა ხანი და შემდეგ თუ არ ჩაირთვებოდა, კიდევ დავკავშირებოდი, არ ჩაირთო პროექტორი, მივწერე გვერდს და მითხრეს, რომ 24 საათში ადმინისტრაცია თავად დამიკავშირდებოდა."
მარიამი ამბობს, რომ ამის შემდეგ მიიღო შეტყობინება, რომ ნივთს ვერც შეუცვლიდნენ და ვერც დაუბრუნებდნენ.
საქართველოში 2022 წლიდან მოქმედებს კანონი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“. ამ კანონის აღმასრულებელ უწყებაში, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ 2024 წელს მომხმარებელთა მიმართვები წინა წელთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია, რაც მათი თქმით, იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ახლა მეტი ცოდნა აქვს თავისი უფლებების შესახებ.
„პირველ რიგში, სანამ შევიძენთ ნივთს ან მომსახურებას აუცილებლად უნდა გადავამოწმოთ ვისგან ვყიდულობთ, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ მოვაჭრის საიდენტიფიკაციო მონაცემები, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ კომპანია. უნდა ვიცოდეთ მისამართი, რათა შემდგომში თუ ვთვლით, რომ ჩვენი უფლებები ირღვევა, მივმართოთ შესაბამის კომპანიას. უნდა ვიცოდეთ ნივთის მახასიათებლები, რას ვყიდულობთ, ეს ინფორმაცია დეტალურად უნდა მიეწოდებოდეს ყველა მომხმარებელს, სანამ განახორციელებს ტრანზაქციას და შეიძენს ნივთს. უნდა იყოს მითითებული ფასი, არ შეიძლება სოციალურ ქსელებში, კომენტარებში იყოს ეს ფასი ჩამოწერილი, უნდა იყოს ძირითად ინფორმაციასთან ერთად მითითებული“, – ამათ ამაროვი, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
თუ ჩვენ მივიღეთ დაზიანებული ნივთი, ეს იქნება პირობითად განსხვავებული ფერის, ან არ მუშაობს ისე, როგორც მოვაჭრეს ჰქონდა მითითებული მახასიათებლებში, რას ვაკეთებთ ამ შემთხვევაში?
„პირველ რიგში, უნდა მივმართოთ მოვაჭრეს და მოვითხოვოთ ჩვენი დარღვეული უფლების აღდგენა, რაც გამოიხატება იმაში, რომ თუ ნივთი დაზიანებულია, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ ამ ნივთის შეცვლა ან შეკეთება. ორივე არის თანაბარი უფლებები, ჩვენ უნდა ავირჩიოთ და მოვაჭრემ უნდა დაგვიმტკიცოს, რომელი იქნება უფრო უპრიანი, შეცვლა თუ შეკეთება. თუ ეს შეუძლებელია, შემდეგ ჩვენი უფლება არის ნივთზე ფასის შემცირება ან ხელშეკრულების მოშლა, რაც ნიშნავს იმას, რომ შეგვიძლია, მოვითხოვოთ თანხის დაბრუნება. ამისთვის ჩვენ კანონი გვანიჭებს 2-წლიან ვადას, ჩვენი უფლების დარღვევის მომენტიდან 2 წლის განმავლობაში, ჩვენ შეგვიძლია მოვითხოვოთ დარღვეული უფლების აღდგენა."
რა ხდება, როცა მოვაჭრე უარს ამბობს მომხმარებლის უფლების დაცვაზე?
„ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია მივმართოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ჩვენს ვებგვერდზე არის განთავსებული ძალიან მარტივი ფორმა, რომელიც ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია შეავსოს და გამოგვიგზავნოს ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე შეუძლია მოვიდეს ოფისში და დაწეროს განცხადება.
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში ამბობენ, რომ ონლაინვაჭრობის გზით და მაღაზიაში შეძენილი ნივთების დაბრუნების ვადა განსხვავებულია. მაღაზიებში ეს დამოკიდებულია კონკრეტული მოვაჭრის სავაჭრო პოლიტიკაზე. მათი თქმით, მოვაჭრემ ადგილზევე უნდა აუხსნას მომხმარებელს პირობები, ან მომხმარებლის ინფორმირებისთვის გამოკრული უნდა იყოს ინფორმაცია. რა ხდება ონლაინვაჭრობის დროს?
„ამ შემთხვევაში კანონი გვანიჭებს 14-დღიან უპირობო დაბრუნების უფლებას, ეს ნიშნავს, რომ ნივთის მიღებიდან 14 დღის ვადაში თუ არ მოგვწონს, ან გადავიფიქრეთ, ან არ გვჭირდება, უკვე შეგვიძლია დავაბრუნოთ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. კანონი განმარტავს იმ გამონაკლისებს, რა შემთხვევაშიც ამის უფლება არ გვაქვს. ვერ დავაბრუნებთ მალფუჭებად პროდუქტს, ვერ დავაბრუნებთ ისეთ ნივთებს, რომლებიც დამზადებულია ჩვენი შეკვეთით“, – ამბობს ამათ ამაროვი.
უწყებაში ამბობენ, რომ ონლაინვაჭრობის შემთხვევაში დარღვევის გამო საჩივარი დაახლოებით 70%-ია, მაღაზიაში ვაჭრობის შემთხვევაში კი ბევრად ნაკლები – 30%. მათი თქმით, უწყების გადაწყვეტილებების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდაა.
წყარო: "ევრონიუს ჯორჯია"