ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა გაფართოვდა. ბენეფიციარებს სერვისის მიღება, დამატებით, თურქეთის კიდევ სამ კლინიკაში შეეძლებათ - პროგრამას „მედიკანას საერთაშორისო კლინიკა“, „ემსი ჰოსპიტალი“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი“ დაემატა.
პროგრამის ახალ და მანამდე არსებულ პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე, თურქეთში მყოფ პატარა ქართველ პაციენტებსა და მათ მშობლებს შეხვდა, ბენეფიციარების მკურნალობის პროცესს გაეცნო და კლინიკებში, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტები, მომსახურებას უკვე 8 კლინიკაში - თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში მიიღებენ. ახალპარტნიორ კლინიკებთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა 2023 წლის აგვისტოდან მოქმედებს. სამკურნალო პაკეტი მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევასა და პროტონოთერაპიას. ამოქმედებიდან დღემდე, პროგრამაში 157 ბენეფიციარი ჩაერთო. მკურნალობა უკვე დაასრულა 100-მა პაციენტმა.
მინისტრი, თურქეთში, „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ ხელმძღვანელ ხათუნა ჩაჩავასთან დაფონდის წარმომადგენელ ქეთევან კარტოზიასთან ერთად იმყოფებოდა.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, პაციენტებს, სამედიცინო სერვისის მიღება შეუძლიათ: ესპანეთში, „ქირონ სალუდის პროტონოთერაპიის ცენტრში“; ისრაელის „თელ-ავივ სოურასკის (იხილოვის) სამედიცინო ცენტრში“; თურქეთის „ანადოლუს სამედიცინო ცენტრში“; „აჯიბადემის ჰოსპიტალში“; „ჰოსპიტალ მემორიალში“; „მედიკანას საერთაშორისო კლინიკაში“, „ემსი ჰოსპიტალსა“ და „მედიპოლ მეგა საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“.
საქართველოსთან ერთად, სახელმწიფო, თურქეთის, ისრაელისა და ესპანეთის პარტნიორ კლინიკებში, ყველა ბენეფიციარის მკურნალობას სრულად აფინანსებს.