"ის პერიოდი, რაც "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" გარშემო მიმდინარე ბიზნესდავის პერიპეტიებს ვაკვირდები, სულ უფრო მიმყარდება შთაბეჭდილება, რომ მინორიტარი ნათია ჯანაშიას საჯარო პოზიცია სავსეა დაუსაბუთებელი ნარატივებით, სადაც ემოციური რიტორიკა ანაცვლებს სამართლებრივ კონკრეტიკასა და ეკონომიკურ ლოგიკას, და შესაბამისად, სიმართლისთვის ადგილს არ ტოვებს", - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, ნათია ჯანაშიას მხარდამჭერი ჯგუფის მიერ გავრცელებული განცხადებების ანალიზი აშიშვლებს იმ  სისტემურ სუსტ წერტილებს, რომლებიც სამართლებრივ, ფინანსურ და საერთაშორისო იურისდიქციულ დონეზე, სრულად აქარწყლებს მინორიტარის არგუმენტაციას.

"სამართლებრივი განზოგადება და ფაქტობრივი ვაკუუმი ნათია ჯანაშიას პოზიციის პირველი და უმთავრესი სუსტი მხარეა. მის ნარატივში სამართლებრივი არგუმენტაციის დეფიციტი და ემოციური, კვაზიშეფასებითი რიტორიკით ჩანაცვლება ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ მიზანი არა სამართლებრივი დავის გადაწყვეტა, არამედ სხვადასხვა ზეწოლის მექანიზმის გამოყენებით ინვესტორის იძულებაა, დათმოს „აკადემიის“ ერთხელ უკვე საბაზრო ფასზე მეტად შეძენილი წილი.

მინორიტარი პარტნიორის მხარე მუდმივად უთითებს, რომ „უფლებები იგნორირებულია“ ან „მდგომარეობა გაუარესდა“, რაც ბიზნეს-დავებში, სამართლებრივი თვალსაზრისით, პრაქტიკულად ნულოვანი მტკიცებითი ღირებულების მქონე განცხადებაა. განცხადებებში არ იკვეთება, კონკრეტულად რომელი უფლება შეიცვალა - მმართველობითი, ინფორმაციაზე წვდომის თუ ეკონომიკური სარგებლის მიღების, თუ კიდევ რაიმე სხვა. ასევე, ყოველგვარ მტკიცებულებით ჯაჭვს მოკლებულია მისი ნარატივი, თითქოს ინვესტორი მიზანმიმართულად მოქმედებს სკოლის ლიკვიდაციისთვის", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.

"ინტერესთა პარადოქსია, რომ მინორიტარი პარტნიორი, რომელიც საჯაროდ სკოლის „გადარჩენისთვის“ იბრძვის, თავისი ქმედებებით  (მათ შორის, პროცესების ბლოკირებით) თავადვე ხდება ორგანიზაციის დესტაბილიზაციისა და ლიკვიდაციის კრიზისის მთავარი წყარო. ეს შეიძლება აღიქმებოდეს, რომ მისი რეალური სტრატეგიაა კომპანიის მართვის ბლოკირება და პარტნიორზე იძულებითი ზეწოლა წარსული სტატუს-კვოს დასაბრუნებლად", - დასძენს ცუცქირიძე.

2019 წლის გარიგებით ინვესტორმა 70%-იან წილში დაახლოებით 30 მლნ ლარი გადაიხადა (რაც კომპანიის სრულ შეფასებას 43  მლნ ლარამდე ზრდიდა). მნიშვნელოვანია, რომ ეს კოლოსალური თანხა პირად ანგარიშებზე მიიღეს თავად გამყიდველმა აქციონერებმა - ნათია ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ საკუთარი წილების სანაცვლოდ და არა თავად სკოლამ.

ფაქტი კი, რომელსაც ფინანსური ანგარიშგებები ადასტურებს, არის ის, რომ ინვესტორის პერიოდში (2019–2024) კომპანიამ დააგენერირა 29.9 მლნ ლარის ჯამური წმინდა მოგება, ხოლო საკუთარი კაპიტალი - უარყოფითი ნიშნულიდან რამდენიმე ათეულ მილიონ ლარამდე გაიზარდა. ფაქტია, აკადემიამ ფინანსურ წარმატებას ინვესტორის შემოსვლის შემდეგ მიაღწია. ინვესტორის მიერ შემოტანილი ფინანსური სტაბილურობისა და რისკების გადაზღვევის გარეშე, აკადემიის დამატებითი ეკონომიკური ღირებულება კრიტიკულად მცირე იქნებოდა. 
შესაბამისად, აღნიშნული ფინანსური შედეგები ინვესტორის როლის მნიშვნელობაზე მიუთითებს და მისი წვლილის სრულად უგულებელყოფა რთულად დასასაბუთებელი, ხოლო ეკონომიკური თვალსაზრისით — აბსურდული მტკიცებაა,“ - ასკვნის ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძე.