7 თებერვალს, ოკუპირებული აფხაზეთში, სოხუმის აეროპორტში რუსული თვითმფრინავი დაეშვა. ბორტზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა იმყოფებოდა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოფრინდა.

აეროპორტი ფუნქციონირებას მიმდინარე წლის ზაფხულში აღადგენს, 7 თებერვლის ფრენა სატესტო იყო.

ფრენებს სანქცირებული რუსული ავიაკომპანია- UVT Aero ახორციელებს, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს.

7 თებერვალს "კომერსანტი" ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ UVT Aero-ს მიერ დაგეგმილი ბათუმი-ყაზანის რეისები სეზონურია და აპრილიდან უნდა აღდგეს. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ამბობენ, რომ რუსულმა ავიაკომპანიამ  ქართულ ცაზე ფრენიის ნებართვა  2023 წელს მოითხოვა. რაც შეეხება სამოქალაქო რეისებს, მოთხოვნა მასზეც იყო, თუმცა სამოქალაქო ავიაციის საააგენტომ უარი სწორედ საერთაშორისო სანქციების გამო უთხრა. სააგენტო ადასტურებს, რომ UVT Aero ბათუმის აეროპორტში სამოქალაქო ფრენებს ვერ განახორციელებს. 

„2023 წელს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში შემოვიდა ავიაკომპანია UVT Aero-ს ორი განაცხადი. პირველი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ითხოვდა ნებართვას საქართველოში ყაზახური საფეხბურთო გუნდის ტრანსპორტირების მიზნით ჩარტერული რეისის განსახორციელებლად, ხოლო მეორე განაცხადი შემოსული იყო ყაზანიდან და უფიდან ბათუმის მიმართულებით კვირაში 1 სიხშირით ფრენების განხორციელების თაობაზე. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ არ დააკმაყოფილა შემოსული განაცხადები, ვინაიდან ავიაკომპანია UVT Aero არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.

რაც შეეხება ხსენებული ავიაკომპანიის მიერ სამომავლოდ საქართველოს მიმართულებით ფრენების შესრულებას, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის ფრენები სრულდება და მომავალშიც შესრულდება მხოლოდ იმ ავიაკომპანიების მიერ, რომლებიც არ იმყოფებიან ევროკავშირის შავ სიაში. ფრენები არ განხორციელდება ასევე, იმ საჰაერო ხომალდებით, რომელთაც საჰაერო ხომალდების მწარმოებლებმა შეუწყვიტეს ტექნიკური მხარდაჭერა“,- აღნიშნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს სოხუმის აეროპორტს, როგორც საერთაშორისოს, ვინაიდან აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ორგანიზაციამ აეროპორტის კოდი გააუქმა, ხოლო 2006 წელს ამოიღო ყველა ოფიციალური საბუთიდან.  შესაბამისად, სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია ლეგიტიმურად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს.

„ამასთან, გვსურს გამოვეხმაუროთ ოკუპირებული სოხუმის აეროპორტში განხორციელებულ ფრენაზე გავრცელებულ ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გავაჟღეროთ ჩვენი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით: საქართველოს ტერიტორიაზე დაუშვებელია აეროდრომის გამოყენება სამოქალაქო ავიაციის მიზნებისათვის, თუ მისი ექსპლუატანტი არ ფლობს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გაცემულ, მოქმედ აეროდრომის ვარგისობის სერტიფიკატს. საქართველოს ტერიტორიაზე აეროდრომების სერტიფიცირებას, ზედამხედველობასა და კონტროლს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. სოხუმის აეროპორტი ქართული მხარის მიერ დაკეტილია 1993 წლიდან. ის არ არის სერტიფიცირებული საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ (სოხუმის აეროპორტმა ბოლო სერტიფიცირება 1992 წელს გაიარა). იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონი ოკუპირებულია, საქართველოს საავიაციო ხელისუფლება მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს საავიაციო უსაფრთხოებაზე და უშიშროებაზე ზედამხედველობა აღნიშნულ ტერიტორიაზე, რაც „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს კონვენციის ძირითად და ფუნდამენტურ პრინციპებს წარმოადგენს.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) აფხაზეთს საქართველოს შემადგენელ ნაწილად აღიარებს. ICAO-ს არ აქვს სოხუმის აეროპორტისთვის მინიჭებული ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ოთხნიშნა კოდი. აღნიშნული კოდის მინიჭება მხოლოდ უფლებამოსილი საავიაციო ხელისუფლების, სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შეიძლება მოხდეს. სააგენტო, მუდმივად და თანმიმდევრულად, უზრუნველყოფს კოორდინაციას ICAO-სთან და სხვა საავიაციო საერთაშორისო ორგანიზაციებთან სოხუმის ე.წ. აეროპორტიდან საერთაშორისო ფრენების დაუშვებლობის შესახებ.

შესაბამისად, სოხუმის აეროპორტში ვერც ერთი ავიაკომპანია ლეგიტიმურად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ვერ განახორციელებს, სანამ ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმების შესაბამისად გადაწყვეტილებას არ მიიღებს საქართველო და ფრენების უსაფრთხოებაზე ზედამხედველობა არ იქნება უზრუნველყოფილი ქართული მხარის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ავიაკომპანია სოხუმის მიმართულებით ფრენებს დაიწყებს, ის დაარღვევს როგორც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ნორმებს, ისე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონს, რაც გაართულებს აღნიშნული ავიაკომპანიის ოპერირებას საერთაშორისო და საქართველოს მიმართულებებზე“,- აღნიშნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენელმა "კომერსანტთან" ინტერვიუში.