ნაცვლად იმისა, ევროკავშირის ელჩმა მორალი უკითხოს ქართველ ხალხს, გაასაჯაროოს თითოეული ცენტი. ეს განსაკუთრებით ეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“, რომლის ფულიც რადიკალიზმის გაღვივებაში იხარჯება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპაუშვილს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. პაპუაშვილის განცხადებით, „ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია, მათ შორის, უცხოური დაფინანსების, მილიონების ჩასხმით, რათა წაკიდონ საზოგადოება ერთმანეთს“.

„აბსოლუტურად მიუღებელი ფაქტია. მნიშვნელოვანია, ასეთ ფაქტებზე ყველას ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება. ასევე მნიშვნელოვანია, ეს ყველამ გააცნობიეროს, განსაკუთრებით ეს ეხებათ დონორებს და ზოგიერთ ელჩს, რომლებიც საქართველოში თესენ ზიზღის, აუტანლობის, განხეთქილების გარემოს. ამას აკეთებენ დაფინანსებით. ნაცვლად იმისა, ევროკავშირის ელჩმა მორალი უკითხოს ქართველ ხალხს, ჩემი მოლოდინი იქნებოდა, რომ ის გაასაჯაროებს საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ თითოეულ ცენტს. განსაკუთრებით ეს ეხება „ევროპის დემოკრატიის ფონდს“ (EED), რომლის ფულიც იხარჯება ზუსტად რადიკალიზმის გაღვივებაში, ექსტრემისტული ჯგუფების დაფინანსებაში. ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცის. ცენტობით და პროექტებით იცის ევროკავშირის ელჩმა, რაში იხარჯება EED-ის ფული და ამას არ უმხელს ქართველ ხალხს. ამიტომ, თუკი ვინმეს მორალზე სურს საუბარი, ჯობს, ყველამ დაიწყოს საკუთარი თავიდან, უთხრას ქართველ ხალხს, რაში იხარჯება EED-ის ფული.

თუკი გაბედავენ და გაასაჯაროებენ EED-ის დაფინანსებას, იქ ამოიკითხავთ ყველაფერს. ნახავთ, ვინ აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიას და როგორ იქმნებოდა ეს სიძულვილის გარემო საქართველოში, ნახავთ, როგორ აფინანსებდა „ევროპის დემოკრტიის ფონდი“ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც საქართველოში ზიზღისა და განხეთქილების დამნერგავები არიან. აქ იქნება პასუხი, რომ ეს გარემო იქმნებოდა, მათ შორის, უცხოური დაფინანსებით და ზუსტად ეს ამხილა ამ კვირებში აშშ-მა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში, რომელიც ეხება საგარეო დაფინანსების შეჩერების საკითხებს, საფუძვლად პირდაპირ წერია, რომ ეს საგარეო დახმარება გამოიყენებოდა ქვეყნების დესტაბილიზაციისთვის, ჰარმონიული განვითარების შეზღუდვისთვის. ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ ამერიკული ფული იყო და ჩვენ არ ვიცით, „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ „სირცხვილიას“ „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას, „დროას“ რომ აფინანსებდა? რომ აფინანსებს დეზინფორმაციას? ეს ყველაფერი ხომ ვიცით. რატომ გვიმალავს ამას ევროკავშირის წარმომადგენლობა? ამიტომ პასუხი არის შემდეგი: რა თქმა უნდა, ეს არის მიუღებელი ფაქტი და ყველამ უნდა დაგმოს ასეთი ფაქტი. ეს არის გარედან თავს მოხვეული სიძულვილის გარემო, რომელიც შექმნილია, მათ შორის, უცხოური დაფინანსების, მილიონების ჩასხმით, რათა წაკიდონ საზოგადოება ერთმანეთს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ცნობილი თუ უცნობი ფონდებით ფინანსდებოდა სიძულვილის დათესვა.

„თქვენ თუ გინდათ, მიაგნოთ, სად არის სიძულვილის გარემოს წყარო, ჩახედეთ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ დაფინანსებას, მიმართეთ ევროკავშირის ელჩს, რომ გაასაჯაროოს ეს დაფინანსებები. ჩახედეთ USAID-ის, „დემოკრატიის ეროვნული ფონდის“ (NED) დაფინანსებებს, ჩახედეთ ასევე ცნობილი თუ უცნობი ფონდების დაფინანსებებს, რომლებიც იხარჯება ზუსტად იმისთვის, რომ ეს სიძულვილის გარემო შეექმნათ. ზუსტად აქ არის წყარო და აქ არის სათავე საქართველოს საზოგადოებაში სიძულვილის გარემოს დათესვისა. აშშ-ის ახლანდელმა ადმინისტრაციამ ეს აღიარა და ვხედავთ, რომ მხილება მიდის ყოველდღე, რაში იხარჯებოდა ფული.

მე მოვუწოდე ცოტა ხნის წინ სხვადასხვა ევროპულ ფონდს, ევროკავშირის თუ წევრი ქვეყნების ფონდებს და არიან ჩუმად, ხმას არ იღებენ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ვერავინ დაემალება ამ პასუხისმგებლობას. ის, რაც ამ ფონდებით ფინანსდებოდა, ამის შედეგს ვხედავთ, სიძულვილის დათესვას. მათ შორის, ქუჩაში ხედავთ, თვითონვე დგანან და ამას აპიარებენ. იცით, სად არის მიზეზები ამ სიძულვილის გარემოს შექმნისა? ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟურნალისტი რომ დადებს საჯაროდ, 84 ტყვია მოღალატეებსო და ევროკავშირის ელჩს ამაზე არ აქვს რეაგირება, აქ არის მიზეზი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Factcheck-ის თანამშრომელი რომ მიუვარდება პარლამენტის წევრს და მასზე ვერბალურად ძალადობს, ამაზე რეაგირება არ აქვს ევროკავშირის ელჩს, აქ არის სიძულვილის გარემოს საფუძველი. ასეთი ბევრი მაგალითია, რაც პირდაპირ იყო წაქეზება სიძულვილის გარემოს შექმნისა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ყველა დონორი უნდა გაემიჯნოს სიძულვილის კამპანიის მწარმოებელ ორგანიზაციებს.

„ვხედავთ, რომ ეს ორგანიზაციები, რომლებიც სიძულვილის გარემოს ქმნიან, დაფინანსებული არიან სხვადასხვა უცხოური ფონდიდან და მიუღებელია, ამაზრზენია, როდესაც დონორები, რომლებიც აფინანსებენ სიძულვილის გარემოს შემქმნელ ორგანიზაციებს, ამაზე დუმან. მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირაც მიმითითებია არაერთხელ, იმალებიან და პასუხს არ სცემენ. ამიტომ, თითოეული შემთხვევა, რომელიც იქნება სიძულვილის გარემოს შემქმნელი, რომლის უკანაც ჩვენ ვნახავთ დონორებს, დამფინანსებლებს, თითოეულ ასეთ შემთხვევას ვამხელთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პირველი არხი