მომავალში საქართველოში სავარაუდოა ფასების საერთო დონის უფრო სწრაფი ზრდა, - ამის შესახებ Gnomon Wise-ის კვლევაშია საუბარი. 

კვლევის მიხედვით, საქართველოში, ხანგრძლივ პერიოდში, სამომხმარებლო ფასების დონის მაღალი ზრდის ტემპის შემდეგ, 2024 წელს ინფლაციის დონე შედარებით დაბალი იყო.  

გასული წლის დეკემბერში წლიურად სამომხმარებლო ფასების დონე 1.9%-ით გაიზარდა. წლის ბოლოს ინფლაციის აჩქარება წინა პერიოდში გატარებული ექსპანსიური მონეტარული პოლიტიკის შედეგია, რომელიც მომავალში უფრო მაღალი ინფლაციის მოლოდინის საფუძველს ქმნის.

სამომხმარებლო ფასების ინდექსის ზრდაში მაღალი კონტრიბუციით გამოირჩეოდა სურსათი, რომლის წონა ფასების ინდექსში 30.4%-ია. სურსათზე ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, მაგრამ წლის მიწურულს იზრდებოდა. 2024 წლის დეკემბერში სურსათის სასაქონლო ჯგუფში ფასების ზრდა 3.3%-ს აღწევდა, რაც ნოემბერში 2.7%-ს შეადგენდა.

სამომხმარებლო კალათაში სურსათი უმეტესობისთვის, განსაკუთრებით, შედარებით ღარიბი მოსახლეობისთვის, მნიშვნელოვანი კომპონენტია. ღარიბი შინამეურნეობის მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს, ვიდრე შედარებით მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახის შემთხვევაში. ამიტომ სამომხმარებლო ფასების ზრდას და განსაკუთრებით, სასაქონლო ჯგუფში ფასების მატებას გაცილებით უარყოფითი გავლენა აქვს შედარებით ღარიბ ოჯახებზე, რადგან მათი მოხმარების ყველაზე მნიშვნელოვან საქონელზე ხელმისაწვდომობა მცირდება.

წლის განმავლობაში, ფასების დონე სამომხმარებლო კალათის სასაქონლო ჯგუფებში არაერთგვაროვნად იცვლებოდა. ყველაზე დიდი წონის მქონე სასაქონლო ჯგუფში - სურსათში - ფასების დონე წლის დასაწყისში მცირდებოდა, ხოლო წლის ბოლოს სწრაფად იზრდებოდა. ეს განსაკუთრებით აისახება დაბალშემოსავლიანი ოჯახების მდგომარეობაზე, რადგან მათ მოხმარებაში სურსათს უფრო დიდი წილი უჭირავს. ყველაზე მაღალი ზრდით კი  საცხოვრებლის, ფინანსური მომსახურებებისა და სკოლამდელი განათლების სასაქონლო ჯგუფების ფასების დონე გამოირჩეოდა, ხოლო კლების კუთხით - ელ. ენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდება“, - წერია კვლევაში.