შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, 8 ივლისს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

უწყების განცხადებით, სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოს ღონისძიების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, აგრეთვე, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რომელიც არ გასცდება კანონით დასაშვებ ფარგლებს.

შსს-ს თანახმად, ღონისძიების მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიზნით, „პოლიციის შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულნი იქნებიან ყველა საჭირო ლოკაციაზე და კომპეტენციის ფარგლებში დაიცავენ მართლწესრიგს და უსაფრთხოებას“.

შსს მოუწოდებს „პრაიდის ფესტივალის“ საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის შესაბამისად.

სამართალდამცავები მიმართავენ „პრაიდის კვირეულის“ ღონისძიების ჩატარებისა და კონტრაქციის ტერიტორიაზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებს, კოორდინაციაში იყვნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის თანამშრომლებთან და გაითვალისწინონ ადგილზე მყოფი სამართალდამცველების მითითებები.

8 ივლისს, „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში ტარდება დახურული ღონისძიება, რომელიც გაიმართება კერძო ტერიტორიაზე, მხოლოდ დარეგისტრირებული სტუმრებისთვის. „თბილისი პრაიდის“ განცხადებით, ღონისძიებას აქვს საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.