მეცნიერებათა აკადემიის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა მეცნიერებათა აკადემიისთვის ახალი სამთავრობო სატელეფონო აპარატურის შესყიდვის თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილით 14 ივნისს მიმართა.
წერილში ნათქვამია, რომ მეცნიერებათა აკადემია სარგებლობს სპეციალური სატელეფონო ქსელის ექსკლუზიური მომსახურებით, რათა საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი თანამდებობის პირებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან „დახურული“ კომუნიკაცია უზრუნველყოს.
„ვინაიდან აკადემიის სარგებლობაში არსებული სამთავრობო სატელეფონო აპარატურა (4 ერთეული აპარატი და სატელეფონო სადგური) ამ ეტაპზე გამოვიდა მწყობრიდან და შეუძლებელია მისი შემდგომი ექსპლუატაცია განახლების გარეშე, საჭირო გახდა ახალი, გაუმჯობესებული ტექნიკური პარამეტრების მქონე აპარატურის შესყიდვა”, — წერს ის.
შეგახსენებთ, რომ როინ მეტრეველი მეცნიერებათა აკადემიის დირექტორად მიმდინარე თვეში აირჩიეს. მანამდე ის, საბჭოთა რეჟიმის დროს, კომუნისტურ პარტიაში „გავლენიანი ფუნქციონერი“, შემდეგ კი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო.