გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ხმარებიდან ამოღებული ავტომობილების ნარჩენების მართვის სისტემის შექმნას გეგმავს.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ნონიაძემ აღნიშნა, ამ სიახლის შედეგი, შესაძლოა, მეორადი ავტონაწილების გაძვირება აღმოჩნდეს.
„ისეთ ბიზნესებზე, როგორიც არის ლოგისტიკური კომპანიები, დილერები, გავლენა ირიბი იქნება, თუმცა ეს პირდაპირ იმოქმედებს ისეთ ბიზნესზე, როგორიც ე.წ. დაშლილებია. თამამად შეიძლება ითქვას, მეორადი ავტონაწილები გაძვირდება.
ის, რომ კომპანიებისგან, დამშლელებისგან, აქტიური ჩართულობაა ამ პროცესში, ვერ ვხედავ. უფრო აქტიურად ჩაერთნენ ე.წ. ემგევეები, ისინი, ვისაც აიპები აქვთ და აგროვებენ მეორად ზეთებს, საბურავებსა და აკუმულატორებს. საუბარია იმაზე, რომ მათ მეორადი ავტონაწილების შეგროვებაც მოუწევთ, თუ პარალელურ რეჟიმში ისნის, ელიავასა თუ ფეიქრების დაშლილებმა, ან სხვა ლოგისტიკურმა კომპანიებმაც მსგავსი ემგევეები არ შექმნეს. ჩართულობისა და დაინტერესების არარსებობა, შესაძლოა, ნაწილობრივ იმით იყოს განპირობებული, რომ მიზეზშედეგობრივ კავშირს ვერ პოულობენ, რა ელოდებათ“, - აცხადებს ალექსანდრე ნონიაძე.
მისივე განმარტებით, ინიციატივის შედეგად, ისეთი ფორმითა და სტრუქტურით, რაც დღეს ე.წ. დაშლილების ბაზრობაა და როგორც ფუნქციონირებს, მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, საბოლოო ჯამში, დარჩეს რამდენიმე მსხვილი მოთამაშე, რომლებიც ფასებს გააძვირებენ.
„ახლა არის ძალიან ბევრი მცირე მეწარმე, რომელიც დაკავებულია მეორადი ნაწილების რეალიზაციით. იმპორტირებული ავტომობილების 10-15% სწორედ დაშლილებზე მოდის. ამ ეტაპზე არის სივრცეები, რომელსაც თავისი მეპატრონე ჰყავს, ქირაობს ძალიან ბევრი მცირე მეწარმე, შლის მანქანებს და ნაწილებად ყიდის. ასეთი ფორმით უკვე ვეღარ იმუშავებენ. იქნება ე.წ. ემგევე, რომელიც როგორ შევა კომერციულ ურთიერთობაში მცირე მეწარმესთან, ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ბიზნესი გამსხვილდება, უფრო ცენტრალიზებულ სახეს მიიღებს. ვიცით, რომ ასეთ შემთხვევაში კონკურენცია ნაკლებია და რამდენიმე მოთამაშის გადასაწყვეტი იქნება, რა ეღირება ნაწილები“, - განაცხადა ალექსანდრე ნონიაძემ.