2025 წლის მანძილზე პირველად უძრავ ქონებაზე ფასების მატების ტენდენცია არსებობდა, რაც განპირობებული იყო როგორც მშენებლობისა და მიწების გაძვირებით, ისე მუშახელის ანაზღაურების ზრდით. 2026 წელს ფასების მკვეთრი მატების მოლოდინი სექტორს არ აქვს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას უძრავი ქონების კომპანია „საკურა ფროფერთის“ დამფუძნებელი ვიქტორია საკუროვა აღნიშნავს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა აქტიურია, არც ფასების კლებაა მოსალოდნელი.
„2026 წელს უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი კლების ან მკვეთრი მომატების მოლოდინი არ არსებობს იმიტომ, რომ ბოლო რამდენიმე წლის დინამიკაში უკვე საკმაო ზრდა იყო. შესაბამისად, ნებისმიერ ტენდენციას რომ შევხედოთ, ძალიან დიდხანს ასეთი რაღაცები არ გრძელდება, თუმცა არც კლებას ველოდებით, ვინაიდან ფასების ზრდის მიუხედავად, მოთხოვნა საკმაოდ აქტიურია, ეს რაც შეეხება პირველად უძრავ ქონებას. მეორადი უძრავი ქონების ბაზარზე მიგრაციის შედეგად მომატებული ფასები ოდნავ დასტაბილურდა“, - განაცხადა ვიქტორია საკუროვამ.
მისივე ინფორმაციით, ბოლო 2 წლის მანძილზე უკვე გაცემულია მშენებლობის საკმაოდ ბევრი ნებართვა, მათ შორის, პროექტების დიდი ნაწილის განხორციელება ჯერ არ დაწყებულა და დიდი ალბათობით, სტარტს 2026 წლიდან აიღებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბაზარზე ჭარბი მიწოდება გაჩნდება.
„ვფიქრობ, მიწოდება უფრო გაიზრდება პრემიუმ სეგმენტში, იმიტომ, რომ ბევრი მიმდინარე პრემიუმ პროექტი აქვს თბილისს, როგორიც აქამდე ჯერ არ გვქონია. რაც შეეხება ეკონომ და საშუალო კლასის უძრავ ქონებას, მკვეთრი ზრდა მიწოდებაში არ იქნება, რადგან ვერ ვიტყვით იმას, რომ წინა წლებთან შედარებით, 2024-2025 წლებში ბევრი მშენებლობა დაიწყო. ამასთან, ბანკებმა დეველოპერებს შეუზღუდეს დაფინანსება და შესაბამისად, ბევრმა დეველოპერმა, რომელიც მშენებლობის დაწყებას გეგმავდა, პროექტის განხორციელება ვერ დაიწყო. ამიტომ ვხედავთ ბაზარზე ნელ-ნელა ჩნდებიან ძლიერი მოთამაშეები, რომლებიც დიდად არ არიან დამოკიდებული ბანკებზე და დიდი რაოდენობით ახალი უძრავი ქონების გამოჩენა დაგვეხმარება, მოთხოვნა-მიწოდების ნაწილი პირველად უძრავ ქონებაზე დასტაბილურდეს, ხოლო მეორად უძრავ ქონებაზე საერთოდ სხვა სიტუაცია გვაქვს, მოთხოვნა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება, შესაბამისად, ბევრი გამოტანილი უძრავი ქონების ფასი არაადეკვატურია, ხოლო რაც ადეკვატურია, მალე იყიდება“, - აცხადებს ვიქტორია საკუროვა.