შინაგან საქმეთა სამინისტროს 2024 წლის  მონაცემების მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით 1 563 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 2 045 ადამიანი დაშავდა, 304 კი გარდაიცვალა.

თუ გადავხედავთ გასული 5 წლის მონაცემებს, ყოველწლიურად ავარიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა 400-450-ის ფარგლებში მერყეობს. უფრო ზუსტად 2020 წელს 450 იყო, 2021-ში - 449, 2022-ში - 430, 2023 წელს კი 442.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციისხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის შეფასებით, ავტოავარიების თავიდან აცილების მიზნით, რუკაზე და საგზაო ნიშნებზე შავი წერტილების მინიშნება აუცილებელია. მესხიშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ ასეთი ადგილების არსებობა საქართველოს საავტომობილო გზებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე აღიარა. 

„შავი წერტილები“ საქართველოში ძალიან ბევრ ადგილზეა, მათი იდენტიფიცირება შსს-მიერ ხდება. ეს ის ადგილებია, სადაც განსაკუთრებით ბევრია ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვი, მაგალითად, დაშავებულებისა და დაღუპულების რაოდენობა შესაძლოა, 10 ადამიანს აღემატებოდეს 2-3 წლის განმავლობაში. ასეთი საგზაო მონაკვეთები საკმაოდ ბევრია თბილისშიც, ბათუმშიც, ქუთაისშიც. ასევე სხვა გზებზეც, მაგალითად ქედა, სადაც კვირა არ გადის, რომ საგზაო შემთხვევა არ მოხდეს, თანაც იმდენად მძიმე, რომ მინიმუმ სხეულის დაზიანება მოჰყვება. შს მინისტრის და ინფრასტრუქტურის მინისტრის გადაწყვეტილებით, უკვე განისაზღვრა და აღიარებულია გზებზე შავი წერტილების არსებობა“,- აღნიშნა მესხიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, საკანონმდებლო დენზე საგზაო უსაფრთხოების თემა მოწესრიგებულია, თუმცა პრაქტიკაში აღმკვეთი ღონისძიებები ნაკლებად ტარდება. მაგალითად, დღემდე არ არის შემოწმებული წყალტუბო-ქუთაისის სავალი გზის მონაკვეთი, სადაც წლის განმავლობაში ათეულობით ავარია ხდება.

„იდენტიფიცირების შემდეგ შავ წერტილებზე უნდა შედგეს რუკა(განისაზღვროს, კონკრეტულად სად მდებარეობს) და ამაზე სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა უნდა იმუშაონ: გზების ინჟინერი, გარე განათების სპეციალისტი, გამწვანების სპეციალისტი, საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი და სხვა. ფურცელზე ჩვენ საგზაო უსაფრთხოება მოწესრიგებული გვაქვს, თუმცა მაგალითად, ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე ვინმე გასულიყო და გამოიკვლიოს ეს მონაკვეთი, არ მინახავს. არსებობს საერთაშორისო გამოცდილება, რომელიც მე საქართველოში არ მინახავს, რომ მძღოლი საგზაო ნიშნებით უნდა იღებდეს გაფრთხილებას „შავ წერტილთან“ მიახლოების შესახებ და სიჩქარე უნდა შეანელოს. უნდა იყოს აღნიშნული, რომ ამ მონაკვეთზე ამდენი ადამიანი დაშავდა და ამდენი დაიღუპა. მესმის, რომ ეს ფსიქოლოგიური ზეგავლენაა, მაგრამ ევროპაში ასეთი გამოცდილებაა“,- თქვა დავით მესხიშვილმა „კომერსანტთან“ ინტერვიუში.