„მაისის მოძრაობის“ საინიციატივო ჯგუფი საქართველოში რუსეთის მხარეს მებრძოლი პირების ე.წ. კადიროველების შემოსვლის ფაქტს ეხმაურება და ხელისუფლებას მოუწოდებს, თუ ეს ფაქტი დადასტურდა, რუსულ სამხედრო აგრესიაში მონაწილე პირები ქვეყანაში არ შემოუშვას.
„სოციალურ მედიაში გავრცელდა კადრები რუსეთის მხარეს მებრძოლი პირების ე.წ. კადიროველების შემოსვლის თაობაზე.
იმ დროს როდესაც ცივილიზებული სამყარო ერთიანდება აგრესორი და ტერორისტული რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია და ქართველები უკრაინელთა მხარდამხარ იბრძვიან რუსეთის წინააღმდეგ, აღნიშნული ფაქტი, თუ ეს დადასტურდა, არა მხოლოდ ხელყოფს ჩვენს პატივს და ღირსებას, არამედ საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობას და ეროვნულ უსაფრთხოებას.
„მაისის მოძრაობა“ მოუწოდებს ხელისუფლებას სასწრაფოდ გადაამოწმოს აღნიშნული ინფორმაცია. მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები და საზოგადოებისთვის ცნობილი გახადოს შედეგები.
მოძრაობა ასევე განმეორებით მოუწოდებს ხელისუფლებას აკრძალოს რუსეთთან პირდაპირი ფრენები და დააწესოს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
„მაისის მოძრაობა“ არის მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი რომელიც შექმნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის საპასუხოდ. ჩვენს მიერ შედგენილ პეტიციას შეუერთდა 9 000 ადამიანი,“ - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.