საქართველოს პარლამენტმა, რიგგარეშე სესიაზე, "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ცვლილებებს ხმა 73-მა დეპუტატმა მისცა. ამავე კანონს მხარი დაუჭირა და ვეტოს უფლება არ გამოიყენა საქართველოს პრეზიდენტმაც. შესაბამისად, კანონი ძალაში 25 ივლისს შევიდა.
როგორც პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ახალი კანონმდებლობა ხელს შეუწყობს ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე სრულფასოვან მართვას და აღადგენს მომხმარებელთა და უფლების მფლობელთა ნდობას სისტემის მიმართ.
“ფაქტობრივად, ყველა მხარე თანხმდება საავტორო და მომიჯნავე კანონში შესულ ცვლილებებზე. ეს არის ბევრად უფრო დახვეწილი, ბევრად უფრო თანამედროვე და ავტორებზე მორგებული, ვიდრე იყო წინა კანონის რედაქცია. რა თქმა უნდა, ძალიან სამართლიანია, რომ უნდა იყოს აკრედიტაცია და მის შედეგად გამოვლინდეს გამარჯვებული კომპანია, ვინც უკეთ დაიცავს ქართველი ავტორ-შემსრულებლების უფლებებს. ძალიან დიდი მადლობა პრეზიდენტს იმისთვის, რომ სრულყოფილად ჩაერთო ამ პროცესში, შეხვდა და მოუსმინა ყველა მხარეს და არ მიიღო ნაჩქარევი გადაწყვეტილება, მხოლოდ ერთი მხარის მოსმენის შედეგად და, შესაბამისად, მოაწერა კანონს, რომელიც შევიდა ძალაში.
აღნიშნული კანონი ბევრად მეტ შესაძლებლობას აძლევს აკრედიტებულ ასოციაციას, თუნდაც იმ კუთხით, რომ ეძლევა შესაძლებლობა განავითაროს ის სფერო, რომელშიც მოიპოვებს აკრედიტაციას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, ის ფაქტორიც, რომ საგრძნობლად გაზრდილია საქპატენტის როლი, კერძოდ, კონტროლის მექანიზმია გათვალისწინებული, რომ ვეღარასდროს არცერთ ასოციაციას აღარ ჰქონდეს აღქმა, რომ მის ზევით არავინ არის და ის არ გაკონტროლდება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ამ კანონში.”- თამარ გვარიშვილი, GERA-ს დირექტორი.
ქართველი ხელოვანები მიესალმებიან არჩევანის თავისუფლებას და ამ ფაქტს დიდ გამარჯვებად მიიჩნევენ.
"ხელოვანების ერთად დგომამ გამოიღო შედეგი და მიიღეს ასეთი საჭირო და მნიშვნელოვანი კანონი. უკვე წლებია, ჩვენ ველოდებით ამ სფეროს დარეგულირებას და როგორც იქნა, პარლამენტისა და უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერით, მიიღეს კანონი, რომელიც დაგვეხმარება, რომ ყველა კომპოზიტორმა თუ ავტორ-შემსრულებელმა მიიღოს კუთვნილი ჰონორარი, გამჭვირვალედ. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ პრეზიდენტს, რომელმაც მოგვისმინა, გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნები და მიიღო ეს კანონი.”- დათო ევგენიძე.
"ამ კანონის მიღება ჩვენი, ქართველო ხელოვანების გამარჯვებაა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ყველას, ვინც ამ კანონპროექტის მიღებაზე იმუშავა, დრო დაგვითმო და იზრუნა ამ სფეროს გაუმჯობესებაზე."- მარიკო კვალიაშვილი.
"სხვა შედეგს არც ველოდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ კანონს მიიღებდნენ, რადგანაც ეს ხელოვანებისთვის იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. სხვაგვარად წარმოუდგენელია ხელოვანმა იარსებოს.კანონი მიღებულია, ახლა დარჩა მხოლოდ ის, რომ კონკურსში გაიმარჯვოს სწორედ იმ ასოციაციამ, რომელიც გამჭვირვალედ და კეთილსინდისიერად ანაწილებდა ავტორ-შემსრულებლების კუთვნილ ჰონორარებს ."- დათო ლონდარიძე.
R