ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებაზე იმსჯელა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, კანონპროექტი მიზნად ისახავს პასუხისმგებლობის გამკაცრებას ხე-ტყის უკანონოდ გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ხე-ტყის უკანონო სარგებლობასთან მიმართებით სამინისტროს მიერ გამოვლენილი ფაქტები კვლავ მაღალ ნიშნულზეა, რაც სახელმწიფოს მხრიდან საპასუხო ღონისძიებების გამკაცრებას მოითხოვს“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
მისი თქმით, არალეგალურად მოწყობილ სახერხ საამქროებთან მიმართებით მძიმეა სტატისტიკა. ამიტომ ასეთი საამქროს მოწყობისთვის პასუხისმგებლობა ნაცვლად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთისა განისაზღვრება 1-დან 3 წლამდე ვადით, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედებისთვის, 1-დან 2 წლამდე თავისუფლების აღმკვეთი ვადა იცვლება 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით.
მკაცრდება პასუხისმგებლობა ასევე დიდი რაოდენობით მორის უკანონო ტრანსპორტირებისთვის, რისთვისაც განმეორების შემთხვევაში პირს დაეკისრება არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა თავისუფლების აღკვეთით 1-დან 3 წლამდე ვადით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.