ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარელისში მეწყერში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. მაშველებმა ცხედარი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს. 77 წლის კაცს მაშველები მესამე დღეა ეძებდნენ.

 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი მოქალაქის საძიებო სამუშაოები დღისა და ღამის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებული იყო მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, საფრენი აპარატი დრონით აღჭურვილი კოორდინაციის სპეციალისტები, განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების კინოლოგი, მაშველი ძაღლით და კრიმინალური პოლიცია.

მამაკაცი მეწყერში 1-ელ ივლისს მოყვა. ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც სარკინიგზო ინფრასტრუქტურა დაზიანდა და ადგილზე სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია.