ჯანდაცვის კერძო სექტორის საწოლფონდის შემცირება უნდა მოხდეს არა შენობების პარამეტრების, არამედ მედპერსონალის კვალიფიკაციისა და კლინიკის შედეგების მიხედვით.
ამის შესახებ „ემ-ემ-ტე ჰოსპიტლის“ ქირურგმა, ონკო-უროლოგმა, გურამ ქარაზანაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „რეალურ სივრცეში“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დააანონსა სისტემის ნაციონალიზაცია, რომლის შედეგადაც ჯანდაცვის სექტორში სახელმწიფოს წილი 60%-მდე უნდა გაიზარდოს, რაც კერძო საწოლფონდის 75%-ის შემცირებას გულისხმობს. თუმცა, ქარაზანაშვილის განცხადებით, ეს პროცესი ისე იწყება, რომ არ არსებობს სახელმწიფო ალტერნატივა, კერძო სექტორის შეზღუდვის კრიტერიუმებად კი მხოლოდ შენობების პარამეტრები სახელდება.
„დღეს ვდგავართ ჯანდაცვის სისტემის კიდევ ერთი დიდი გარდაქმნის წინაშე - ეს არის ის, რომ მოხდა პრივატიზაცია და დღეისათვის გვაქვს სამწუხარო რეალობა, როცა საწოლფონდის 85% არის კერძო, სახელმწიფოს კი სურს, სახელმწიფოს წილი 60% გახდეს. მაგრამ ამას როგორ გაუძლებს ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი? კერძო საწოლების 75% უნდა შემცირდეს. სახელმწიფო კლინიკები მზად არიან ამისთვის? სამინისტრომ შენობებით დაიწყო, რათა კერძო სექტორის შენობების პარამეტრებით შეიზღუდოს - მაგალითად, კარის სიგანე დიდია თუ პატა. კლინიკების შემცირება თუ უნდათ, შენობების პარამეტრებით კი არ უნდა შემცირდეს, უნდა შეამციროს იმ კრიტერიუმებით, თუ ვინ როგორ მუშაობს, რა კვალიფიკაციის მედპერსონალი ჰყავს კლინიკას, რა შედეგები აქვს. ამით უნდა შემცირდეს და არა იმით, კარის სიგანე მეტრი ოციდან მეტრი ოცდაათი უნდა გახდეს და საწოლი კედლიდან რამდენი სანტიმეტრით უნდა იყოს დაცილებული. ჯერ გავაკეთოთ ერთი რესპუბლიკური საავადმყოფო, რათა ვაჩვენოთ, რომ სახელმწიფოს შეუძლია მართოს კლინიკა და იქნებ თავისით დაინგრეს კერძო კლინიკები და ყველა ექიმი სახელმწიფო კლინიკაში გაიქცეს სამუშაოდ? ჩვენ კი ნგრევას ვიწყებთ, ვიდრე ახალი არაა შექმნილი,“ - აღნიშნა ქარაზანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ რეანიმაციული სერვისის ყველა მიმწოდებელი ვალდებულია, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რეანიმაციული მომსახურების სანებართვო პირობები, 2023 წლის 1 სექტემბრამდე დააკმაყოფილოს.
სტანდარტი აწესებს შესაბამის პირობებს რეანიმაციული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკა რეანიმაციული მომსახურების მიწოდების უფლება არ ექნება.
ქირურგიის სტანდარტების თანახმად, სტაციონარის ნებართვა არ გაიცემა დაწესებულებაზე, რომელიც განთავსებული იქნება საცხოვრებელ შენობაში. დეპარტამენტში არანაკლებ 5 ქირურგიული საწოლი უნდა იყოს. პალატაში გათვალისწინებული უნდა იქნეს საწოლის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, ქირურგიული ერთეულის ყველა ექიმი-სპეციალისტი უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემაში საქმიანობის პროფილის შესაბამისად და ყოველწლიურად აგროვებდეს არანაკლებ 30 ქულას.