სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ციფრული ჯანდაცვის აუდიტის ანგარიში გამოაქვეყნა.

აუდიტის დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ სამინისტროს არ აქვს შემუშავებული ერთიანი ხედვა მისი დანერგვისა თუ განვითარებისათვის, არადა, ციფრული ჯანდაცვის სხვადასხვა ელემენტის დანერგვა ქვეყანაში, სულ მცირე, 2016 წლიდან დაიწყო.

აუდიტის დასკვნით, მხოლოდ ფრაგმენტულად არის ასახული ამ მიმართულებით არსებული ხედვები ჯანმრთელობის დაცვის განვითარების 2020-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში, რომელიც სრულდება შეფერხებით, ხოლო ნაწილი არ ხორციელდება.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, დაბალია ცნობიერება/ინფორმირებულობა ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის შესახებ გამოკითხულ პაციენტებს შორის. 

მათივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება ქვეყნისათვის პრიორიტეტულია, ამ დრომდე ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების EHR სისტემაში ჯერ კიდევ ვერ მოხერხდა სოფლის ექიმების ჩართვა. შედეგად, ოჯახის ექიმებსა და სოფლის ექიმებს არ აქვთ წვდომა პაციენტის შესახებ არსებულ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციაზე. 

"2018 წელს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის (EHR) შექმნისა და დანერგვის პროცესების ეფექტიანად წარმართვისათვის მომზადდა სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვით 2018-2019 წლების ბოლომდე განსაზღვრული იყო EHR სისტემის დანერგვისათვის სტრატეგიული, იურიდიული, ტექნიკური და საკომუნიკაციო 34 ღონისძიება, რომელთა მხოლოდ 17%-ს (6 ღონისძიება) მინიჭებული აქვს სტატუსი − შესრულებული.

ჯანმრთელობის დაცვის განვითარების 2020-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის მე-5 მიზანია ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემის გაძლიერება, სადაც სამწლიანი სამოქმედო
გეგმის მიხედვით გაწერილია დაგეგმილი აქტივობების შესრულების ინდიკატორები. 2023 წელს
მისაღწევი აქტივობების უმეტესი ნაწილი არ არის სრულად შესრულებული;

ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის წარმოების წესში მითითებული ფუნქციონალები როგორებიცაა, მაგალითად, იმუნიზაციისა და C ჰეპატიტის სკრინინგის მონაცემების ასახვა EHR სისტემაში, არ არის ხელმისაწვდომი;

იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო დაწესებულება EHR სისტემასთან წვდომას ახორციელებს მისი ლოკალური EMR სისტემის გამოყენებით, აუცილებელია მისი EMR სისტემა აკმაყოფილებდეს ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2018 წლის ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემის დანერგვის სამოქმედო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული იყო EHR სისტემის ტესტირება, მინიმუმ, ერთ ჰოსპიტალში, თუმცა სამინისტროს განმარტებით, სისტემის შექმნიდან დღემდე არ მომხდარა არც ერთი სამედიცინო დაწესებულების EMR სისტემების თავსებადობის შემოწმება EHR სისტემასთან.

აუდიტის ჯგუფმა გააანალიზა ერთი სამედიცინო დაწესებულების მაგალითი, რომელიც იყენებს EMR-ს, რომელიც ასევე არის ერთ-ერთი სახელმწიფო პროგრამის სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი და პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს სსიპ – ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს. 2022-2023 წლების ანალიზის შედეგად, 4,795 შემთხვევიდან EHR-ში ასახულია 82% (3,920 შემთხვევა).

EHR სისტემის შემადგენელი ნაწილია პაციენტის გვერდი, რომლის საშუალებით პაციენტს შეუძლია ნახოს მის შესახებ სისტემაში არსებული ინფორმაცია და მონაცემთა დამუშავების ლოგები,10 მაგრამ ტექნიკური/პროგრამული ცვლილებების გამო პაციენტის გვერდი აუდიტის პერიოდში არ მუშაობდა, ხელმსაწვდომი იყო მხოლოდ 2024 წლის ნოემბრიდან.

შესაბამისად, პაციენტს შეზღუდული ჰქონდა შესაძლებლობა საკუთარი სურვილისამებრ გაეზიარებინა და გაცნობოდა სისტემაში მის შესახებ არსებულ ინფორმაციას. აღნიშნული მონაცემების ხილულობასა და დაფარვას უზრუნველყოფდა ექიმი, პაციენტის თანხმობით.

თუმცა აუდიტის ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ გამოკითხული ექიმებიდან 24 (120 გამოკითხულიდან) მიუთითებს, რომ არ მოუთხოვია ნებართვა პაციენტისგან, ხოლო 64 პაციენტი (150 გამოკითხულიდან) მიუთითებს, რომ ექიმს არ მიუწოდებია ინფორმაცია მისთვის სისტემაში არსებული მონაცემების გაზიარების შესახებ.

დაბალია ცნობიერება/ინფორმირებულობა ჯანმრთელობის ელექტრონული ჩანაწერების სისტემის შესახებ გამოკითხულ პაციენტებს შორის. მაგალითად,150 გამოკითხულიდან 89 მიუთითებს, რომ არ სმენიათ ამ სისტემის შესახებ;

მიუხედავად იმისა, რომ პირველადი ჯანდაცვის განვითარება ქვეყნისათვის პრიორიტეტულია და ასევე მათი ჩართულობა გათვალისწინებული იყო ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების EHR სისტემაში, სამინისტროს განმარტებით, პრაქტიკიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა სოფლის ექიმების ჩართვა. შედეგად, ოჯახის ექიმებსა და სოფლის ექიმებს არ აქვთ წვდომა პაციენტის შესახებ არსებულ ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონულ ინფორმაციაზე", - წერს აუდიტი.