1-ელი აგვისტოდან ძალაში შედის კანონი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებებისთვის გაორმაგებულ ჯარიმებს ითვალისწინებს. ამასთანავე, ცვლილებები სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებას აძლევს კლინიკებში შესამოწმებლად შეტყობინების გარეშე შევიდეს, თუმცა სააგენტომ შემოწმების დაწყების შესახებ სასამართლოს უნდა აცნობოს.
გარდა ამისა, მარეგულირებელს უფლება ექნება გეგმური შემოწმების ფარგლებში, სამედიცინო დაწესებულება წელიწადში, ერთის ნაცვლად, სამჯერ შეამოწმოს.
რა სირთულეებსა და გამოწვევებს ქმნის ცვლილებები სამედიცინო დაწესებულებებისთვის, ამის შესახებ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ჯანდაცვის ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მაია მახარაშვილმა ისაუბრა.
„ითესება გარკვეული უნდობლობა ექიმების მიმართ, რაც ძალიან ნეგატიურ განწყობებს ქმნის. თითქოს ექიმების დანაშაულების გამო, აუცილებელია 24 საათის განმავლობაში, გაფრთხილების გარეშე კლინიკაში შესამოწმებლად შესვლა. ეს, რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალში უარყოფით განწყობებს იწვევს“, - აღნიშნა მაია მახარაშვილმა.
მისი თქმით, კანონში სასამართლოს მნიშვნელობის დაბრუნება პოზიტიური ნაბიჯია, რადგან ორ მხარეს შორის სასამართლოს რგოლის არსებობა აუცილებელია.
„ეს უზრუნველყოფს ობიექტურობას და თავის დაცვის საშუალებას, ასევე თავდაცვის ნაწილში სასამართლოს როლი უმნიშვნელოვანესია. სამედიცინო დაწესებულება შემოწმების დაწყების შესახებ წინასწარ შეტყობინებას ვერ მიიღებს, მაგრამ მარეგულირებელმა მას შემოსვლის პარალელურად უნდა მიმართოს. ეს რა თქმა უნდა, ერთგვარი ფილტრია.
მეორე საკითხია შემოწმების ჯერადობა. წლის განმავლობაში 3-ჯერ სანებართვო პირობების შემოწმების შესახებ და ლიცენზირებასთან დაკავშირებით უნდა შემოვიდნენ და ამის გარდა, 3-ჯერ არაგეგმურად შეუძლიათ შემოსვლა სხვადასხვა წინაპირობით, მათ შორის მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე“, - განმარტა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მისი პოზიციით, აუცილებელია შემუშავდეს ზუსტი ინსტრუმენტები, თუ რის საფუძველზე განისაზღვრება სამედიცინო დაწესებულებისთვის დაკისრებული ჯარიმის ოდენობა და საქმიანობის შეჩერება.
„თუ ძალიან მკაცრად განსაზღვრული ინსტრუმენტი იმუშავებს, რომელიც ადეკვატური იქნება, მაშინ ჯარიმის ოდენობა შესაძლოა ძალიან ტრაგიკული არ იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ სასამართლოს რგოლი ჩაემატა, საქმიანობის შეჩერების შესახებაც იმედი მოგვეცა, რომ დაგვრჩება ადგილი, სადაც არგუმენტაციას შევძლებთ. ზუსტად უნდა ვიცოდეთ, რა არის სამედიცინო საქმიანობის შეჩერების საფუძველი და რა არა.
დღევანდელი ინსტრუმენტები კრიტიკული და ნაკლებად კრიტიკული საკითხების დიფერენცირების საშუალებას არ იძლევა, რაც ჯარიმის ოდენობის შესაბამისობას და საქმიანობის შეჩერების რისკს განსაზღვრავს“, - განაცხადა მაია მახარაშვილმა.