ინფორმირებული წყაროები Reuters-ს უყვებიან, რომ ინდოელი ნავთობგადამამუშავებლები რუსული ნავთობის იმპორტის მკვეთრად შემცირებას აპირებენ, რათა რუსეთის ორი უმსხვილესი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ აშშ-ს ახალ სანქციებს დაემორჩილონ.
საკითხს ახლოს მყოფი წყაროების თქმით, კერძო კომპანია Reliance Industries, რომელიც ინდოეთში რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველია, რუსული ნავთობის იმპორტის შემცირებას ან სრულ შეწყვეტას გეგმავს. კომპანია Rosneft-თან არსებული გრძელვადიანი ხელშეკრულების ფარგლებში შესყიდვების შეჩერებასაც აპირებს.
საკითხთან უშუალო კავშირში მყოფმა წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებლები - Indian Oil Corp, Bharat Petroleum Corp და Hindustan Petroleum Corp - ასევე განიხილავენ თავიანთ სავაჭრო დოკუმენტებს რუსეთის ნავთობთან დაკავშირებით, რათა დარწმუნდნენ, რომ სანქცირებული კომპანიებიდან Rosneft-ისა და Lukoil-ისგან მიწოდება აღარ განხორციელდება.
Reuters-ის ცნობით, მოსკოვის მიერ 2022 წელს უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ინდოეთი რუსული ნავთობის ყველაზე დიდი მყიდველი გახდა.
ცნობისთვის, ინდოეთს აშშ-ს მხირდან 50%-იანი ტარიფი აქვს დაწესებული - ამ ტარიფების ნახევარი კი რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ.