„საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის შემოტანასთან ერთად საწოლფონდის სიჭარბით გამოვირჩეოდით“ - ამის შესახებ, „კომერსანტს“ ჯანდაცვის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ ჯანმრთელობის დაცვა საქართველო 2023“ –  ის შეფასებისას განაცხადა, სადაც საუბარია იმაზე, რომ საქართველოში 100 ათას მოსახლეზე 483 ჰოსპიტალური საწოლია, აქედან დატვირთული მხოლოდ 167-ია.

ზოიძის თქმით საქართველო პოსტსაბჭოთა  პერიოდში  საწოლების სიჭარბით გამოირჩეოდა, ხოლო შემდეგ როდესაც მოხდა პრივატიზაცია საწოლფონდი შემცირდა და ოპტიმალურ რაოდენობას დაუახლოვდა, გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიურმა ჩარევამ გარკვეული პროცედურები  საავადმყოფოში დაწოლის გარეშე დაამკვიდრა, რასაც  მეტ-ნაკლებად ხარჯთეფექტური შედეგი მოჰყვა.

„საყოველთაო ჯანდაცვის შემოღების მერე პატარა კლინიკების რიცხვმა მოიმატა, რაც პრობლემაა, საწოლების რაოდენობა შესაძლოა იმდენად არ იყოს პრობლემა, მაგრამ თვითონ ეს საწოლები ძალიან ბევრ კლინიკაში არის  განლაგებული. კლინიკების  რაოდენობა ძალიან ბევრია რაც იწვევს  ხარჯებს, ყველა კლინიკას  თავისი მფლობელი  ჰყავს, აქვს არაპირდაპირი  ხარჯები და იმის მაგივრად რომ გვქონდეს 500-600 საწოლიანი  საავადმყოფო გვაქვს 30-40-100 საწოლიანი, რაც არაეფექტიანია და  ხარისხის კუთხით შეშფოთებას იწვევს, იმიტომ რომ თუ სამედიცინო პერსონალს პრაქტიკა აქვს რაც დატვირთვის მაჩვენებლით არის  განპირობებული  შესაძლოა ხარისხი პრობლემური იყოს.

ამ კუთხით პრობლემა არის ის, რომ ჩვენთან ბევრი საწოლი მცირე  ზომის  კლინიკაშია განაწილებული და შესაბამისად  დატვირთვის მაჩვენებელი 30-60% - ის  ფარგლებშია, შესაძლოა კიდევ უფრო ნაკლებიც.“ - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

ზოიძის განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მოხდება სელექციური კონტრაქტირება და ნებართვების პირობების გამკაცრება, მოსალოდნელია, რომ კლინიკების ნაწილი დაიხურება, რადგან არც ამდენი პაციენტია და არც იმის საჭიროებაა, რომ ამდენ კლინიკაში გადანაწილდეს  ეს პაციენტები.

„იმის მაგივრად, რომ ათ პაციენტს  ერთ კლინიკაში ვმკურნალობდეთ, ვმკურნალობთ 10 კლინიკაში.“ - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.