ვაპირებთ სამართლებრივ დავას როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, - აცხადებს მოძრაობის „ქართული განათლება საფრთხეშია“ წევრი მანანა რატიანი ილიას უნივერსიტეტის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას მანანა რატიანი ამბობს, რომ ილიას უნივერსიტეტთან მიმართებაში მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და არანაირი კავშირი ამას განათლების რეფორმასთან არ გააჩნია.
„ჩვენთვის არ ყოფილა მოულოდნელი ხელისუფლების ეს ქცევა. ვნახეთ, რომ გადაწყვეტილებები ისე მიიღეს, არც კვლევები ჩაუტარებიათ, არც სპეციალისტები ჰყოლიათ ჩართული. შესაბამისად, ის აბსურდულ გადაწყვეტილებათა კრებული, რასაც რეფორმებს უწოდებენ, დღეს უკვე მიღებული აქვს და კანონებსაც რაღაც ძალიან სწრაფად აწევენ ხოლმე.
რა თქმა უნდა, რთულ მდგომარეობაში მარტო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არ აღმოჩენილა, თუმცა ყველაზე დიდი კლება კვოტებში რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს - 4200 ადგილის ნაცვლად, რომელიც შარშან იყო, წელს მხოლოდ 300 იქნება გამოცხადებული. მაგრამ აქ ლაპარაკია მთლიანად იმ ხარისხზე, წარმატებებზე, რაც ჰქონდა არა მხოლოდ ილიაუნის, არამედ ბევრ სხვა უნივერსიტეტსაც. 3-ჯერ უფრო მაღალი რეიტინგი გვქონდა „თაიმსის“ რანჟირებაში საქართველოში მეორე უნივერსიტეტთან შედარებით, ბევრი უნივერსიტეტი კი ამ რანჟირებაში საერთოდ არ იყო მოხვედრილი. თუკი ქვეყანასა და რეგიონში გყავს რეიტინგების მიხედვით ნომერ პირველი უნივერსიტეტი სხვადასხვა ოთხი მიმართულებით, რომელსაც „თაიმსის“ რანჟირების სისტემა ითვლის, არ მესმის, რას ნიშნავს განათლების ხარისხზე ზრუნვა და რატომ ვიწყებთ რეფორმას, თუკი რაც ხარისხიანი გვაქვს, იმაზე ვამბობთ უარს? აქედან გამომდინარე, პირველივე დღიდან ვამბობთ, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მისი მიზანი არანაირად არ ეხმიანება განათლების რეფორმას“, - აცხადებს მანანა რატიანი.
მისივე თქმით, იმის გამო, რომ პროგრამები მილევად რეჟიმზე გადადის, ხდება 3 წლიანი, ის, რომ პროგრამებს მიღება აღარ აქვთ, ეს ნიშნავს, რომ საათების რაოდენობა შემცირდება და თუნდაც ყველა ის ლექტორი, რომელიც პროგრამაში იყო ჩართული, სექტემბრიდან საჭირო აღარ იქნება და მათი განახევრება განახევრება მოხდება, პირველ რიგში, ეს ეხება მოწვეულ ლექტორებს.
„ვინც ვრჩებით ადგილზე, რამდენად გვაქვს სურვილი გავაგრძელოთ ასეთ მოცემულობაში მუშაობა, მეორე საკითხია. ჩვენ ძლიერები ვიყავით იმით, რომ ეს იყო ურთიერთობა სხვადასხვა ფაკულტეტს შორის, შეგვეძლო მულტიდისციპლინური კვლევები გვეწარმოებინა და ასე გამოშიგნული რაღაც სასწავლებლის დონეზე რომ რჩება უნივერსიტეტი, რა თქმა უნდა, მიგვაჩნია, რომ არასწორია და სოლიდარულები ვართ ყველა თანამშრომლის, სხვა უნივერსიტეტებში დაზარალებული ნაწილის“, - აცხადებს მანანა რატიანი.