ხუთი დღეა გურიაში მოსახლეობა სტიქიას ებრძვის. დიდთოვლობის გამო ჩამონგრეულია 40-მდე სახლი, არ არის ელექტროენერგია, წყალი, მედიკამენტები, გზების გაწმენდა ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელში არაერთი ინფორმაცია იწერება იმის შესახებ, რომ ოჯახებს საკვებიც გამოელიათ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სტიქიას ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭკათში შუახნის მამაკაცი, სახურავიდან თოვლის გადაწმენდის დროს გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას ბეტონის ფილა დაეცა.

გუშინ თოვლის გადაწმენდისას დაშავდა ასევე, ერთი მამაკაცი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სოფელ შრომაში აღნიშნული ახალგაზრდის გადასარჩენად, მთელი ღამის განმავლობაში, მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობდა სოფელთან მისასვლელი გზის გაწმენდას. ამჟამად ადგილობრივი კლინიკაშია გადაყვანილი.

აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი „მოხალისეები გურიისთვის“, სადაც კონკრეტული ოჯახებისა და ადამიანების მდგომარეობის შესახებ იწერება.

სპეციალურად შექმნილ „ფეისბუქ ჯგუფში“ გურიაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის დახმარების სურვილს მოქალაქეები გამოთქვამენ და სპეციალურ ღონისძიებებს თავად აორგანიზებენ. მათი ნაწილი ადგილზე ჩასვლას და მოსახლეობის დახმარებას საკუთარი რესურსებით აპირებს.

ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ტექნიკის მობილიზება მიმდინარეობს და სადაც საჭირო გახდება, მოსახლეობის ევაკუაციას მოახდენენ.

www.bpn.ge