დათბა თუ არა, გურიაში ფაროსანა ძალიან დიდი რაოდენობით გამოჩნდა, რამაც მოსახლეობის შეშფოთება გამოიწვია. მართლაც, მავნებელი უკვე აქტიურად და დიდი რაოდენობით გამოჩნდა. სად არ ნახავთ მას  - სახლის ფანჯრებზე, სათავსოებიდან გამოსვლისას, თხილის პლანტაციებში, - ამის შესახებ „გურია ნიუსი“ წერს.

„წამლობა გვიანდება. უკვე დაზიანებულია ხეხილი. სანაყოფე კვირტები თუ კვირტიდან გამოსული პატარა ნაყოფი ისეთი რაოდენობით ყრია დაბლა, გული მოგიკვდება. მხოლოდ ერთი მავნებლის ბრალი არაა ეს. ზოგადად, სხვაც ბევრია, თუმცა, ფაროსანა ძალზე გააქტიურებულია. ხალხი შეწამვლასაც სხვადასხვაგვარად უდგება. ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. სიმართლე გითხრათ, ახლა არ ვიცი, როგორია შესაწამლი ნივთიერების შედგენილობა და მისდამი მიდგომა. ადრე დიზელის საწვავში ურევდნენ სპეციალურ პრეპარატს. უნდა ითქვას, რომ ფაროსანას ძლიერი დარტყმა მიაყენა, თუმცა, აშკარად დააზიანა, დაწვა ხეხილოვანთა ფოთლები, ნაყოფი, ფუტკარსაც ბევრგან დაეტყო ამ შეწამვლის კვალი. ზოგს მთლიანად დაეღუპა ყველა სკა. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მხოლოდ სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიება დაგვაძლევინებს ამ პრობლემას.

აუცილებლად ხალხმაც უნდა შეწამლოს სხვადასხვა ფართობი. თითოეულმა მეურნემ უნდა შეწამლოს საკუთარი პლანტაცია თუ ბაღ-ბოსტანი. ცხელი ნისლით დამუშავება კი, ზოგადად, კარგი წინააღმდეგობაა მავნებელთან, თუმცა, ვიმეორებ, გვიანდება. დაგვიანებულია უკვე! გადაგვიარა უკვე ფაროსანამ, ასე ვთქვათ. მალე თხილსაც მიეტანება!“ - აცხადებს ფერმერი, მეწარმე დავით თენიეშვილი.

ფაროსანას და ასევე, სხვა მავნებელთა გამო, გურიაში უკვე ძალიან ბევრი ვაშლის, მსხლის თუ წყავის კვირტიდან გამოსული ნაყოფი ცვივა. რა თქმა უნდა, კლიმატური ცვლილების დაღიც აზის ამ ყველაფერს. თუმცა, ფაროსანას რაოდენობა, როგორც გურულები ამბობენ, ლამის პირვანდელ მდგომარეობას უტოლდება, როცა ის ჩვენს მხარეში გამოჩნდა.

სრულად წაიკითხეთ აქ.