საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) ინიციატივითა და ორგანიზებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ საგანმანათლებლო სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა - ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. 

„კერძოდ, GCCA-ის წარმომადგენლები შიდა ქართლის რეგიონში - ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურისა და ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე, კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები. შეხვედრები აქტიური დიალოგის ფორმატში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო კითხვებს უპასუხეს.

მომხმარებლის უფლებებისა და კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების საკითხებზე, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, მაისის თვეში, გამყოფი ხაზის მიმდებარე  სოფლებში მცხოვრებ მოზარდებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები დაგეგმილია - ქარელის  მუნიციპალიტეტის სოფელი დვანის, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანის, გორის  მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის  და სოფელი დიცის საჯარო სკოლებში.

შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.