ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში მრავალმხრივ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს.
მარკეტინგული კამპანია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს.
მთელი წლის განმავლობაში, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, ევროპის მსხვილ ქალაქებში, საქართველოსთვის წარმომადგენლობითი სამუშაო სივრცეები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტულ ბაზარზე პირდაპირ წვდომას, B2B შეხვედრების ორგანიზებასა და ქართული კერძო სექტორისთვის პარტნიორების მოძიებას, ასევე ბიზნეს თანამშრომლობის დამყარებას.
ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. კამპანია სოციალურ ქსელებს, რადიოს, ტელევიზიებს, პოდკასტებს, გარე რეკლამებს, ე.წ. როუდშოუებსა და 8 მსხვილ ღონისძიებაში მონაწილეობას გულისხმობს, რომელიც ევროპის 32 ქალაქს დაფარავს.
კამპანიის ფარგლებში, თითოეულ ქვეყნის 4 ქალაქში, საქართველოს შესახებ გაცნობითი ტურები და პრეზენტაციები გაიმართება. თითოეულ სამიზნე ბაზარზე საქართველოს შესახებ ინტერვიუბი, სატელევიზიო სიუჟეტი, რადიო გადაცემები, გარე რეკლამები, ასე ბეჭდურ მედიაში, ციფრულ მედიაში პოსტები და ვიდეორგოლები მომზადდება.
ე.წ. როუდშოუები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: ბერლინი, ფრანკფურტი, ჰამბურგი, მიუნხენი, პარიზი, ლილი, ლიონი, ოსლო, ვარშავა, ვროცლავი, კრაკოვი, პოზნანი.
კამპანია მოიცავს გაცნობით და ინფლუენსერების ტურებს საქართველოში.
კამპანიის ფარგლებში, ყოველთვიურად შედგება კომუნიკაცია 20- ზე მეტ პოტენციურ პარტნიორთან თითოეულ ბაზარზე, გაიმართება ვორკშოპები და ვებინარები, შეხვედრები ავიაკომპანიებთან და მსოფლიოს წამყვან ტუროპერატორებთან.
ურთიერთობები დამყარდება, როგორც ინდივიდუალურ ტურისტებთან, ასევე მსხვილ საერთაშორისო ტუროპერატორებთან საქართველოს პოპულარიზაციისთვის.
მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ევროპის ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტული ნაკადების გასაზრდელად და ცნობადობის ამაღლების მიზნით მომზადდება ვიდეო რგოლები, სატელევიზიო სიუჟეტები, სტატიები, ინტერვიუები.
ახალი კამპანიის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია British Airways-თან თანამშრომლობით, ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ეკრანებზე ვიდეო რგოლებისა და ფოტო კოლაჟების ჩვენება მიმდინარეობს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 30 წამიანი ვიდეო რგოლების ნახვა შეუძლიათ ავიაკომპანიის მგზავრებს ბორტებზე.
ამ კამპანიების პარალელურად საქართველოს შესახებ, National Geographic ბრიტანული ბაზრისთვის სტატიებს ამზადებს. მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი შეფ-მზარეული ჯეიმი ოლივერი კი ქართული გასტრო ტურისტული პოტენციალის შესახებ მორიგ ვიდეო რგოლებს მოამზადებს.
ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.