გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს სამი მოადგილე დაენიშნება, ხოლო ახალი სსიპ-ის მუშაობა რამდენიმე მიმართულებით გადანაწილდება. სააგენტოს სტრუქტურა და უფლებამოსილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებულ დებულებაშია გაწერილი.

დოკუმენტის მიხედვით, სააგენტოს უმაღლესი თანამდებობის პირი იქნება თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე დანიშნავს და გაათავისუფლებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. სააგენტოს ხელმძღვანელი ანგარიშვალდებული იქნება როგორც მინისტრის, ისე შესაბამისი კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

სააგენტოს თავმჯდომარეს სამი მოადგილე ეყოლება. მათი დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებამოსილება თავმჯდომარეს ექნება, თუმცა გადაწყვეტილება წინასწარ უნდა შეთანხმდეს მინისტრთან ან კურატორ მინისტრის მოადგილესთან.

ახალი უწყების ფარგლებში დაგეგმილია 10-მდე სტრუქტურული ერთეულის შექმნა. მათ შორის იქნება გასტრონომიული მემკვიდრეობის, გასტრონომიის განვითარების, პოპულარიზაციისა და პროექტების მართვის დეპარტამენტები, ასევე ადმინისტრაციული, საფინანსო, იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებები. სააგენტოში ასევე იმუშავებს საერთაშორისო ურთიერთობებისა და გასტრონომიული სექტორის კოორდინაციისა და ანალიტიკის სამსახურები.

დებულების მიხედვით, სააგენტოს მთავარი ამოცანა ქართული გასტრონომიული მემკვიდრეობის გამოვლენა, კვლევა, დაცვა და პოპულარიზაცია იქნება. უწყება იმუშავებს ტრადიციული რეცეპტების, პროდუქტების, წარმოების მეთოდებისა და გასტრონომიული პრაქტიკის აღრიცხვასა და სისტემატიზაციაზე.

სააგენტოს საქმიანობა ასევე მოიცავს ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ჯიშების შენარჩუნების მხარდაჭერას, ტრადიციული კვების კულტურის განვითარებასა და ხარისხის სქემების, მათ შორის ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების, პოპულარიზაციას.

ახალი სსიპ-ის ფუნქციებში შევა ადგილობრივი მწარმოებლების მხარდაჭერა, ტრადიციული პროდუქტების ბაზარზე წარდგენის ხელშეწყობა, რეგიონული გასტრონომიული მარშრუტების განვითარება და სექტორის საჭიროებების ანალიზი.

უწყება ასევე იმუშავებს პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ხელს შეუწყობს საერთაშორისო თანამშრომლობას და ქართული გასტრონომიის ცნობადობის გაზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

სააგენტოს დაფინანსების წყაროებად განისაზღვრა სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები, მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავლები და კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური რესურსები.

გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 18 ივნისს გამოქვეყნდა. ახალი სსიპ-ის ფუნქციონირების დაწყება 20 ივლისიდან არის დაგეგმილი. სააგენტოს პირველი ხელმძღვანელის ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია.