"5000-ლარიანი სანქცია, ანუ 19-ჯერ მეტი, ვიდრე საარსებო მინიმუმია, სისხლისსამართლებრივ დასჯას უთანაბრდება და აშკარად არაპროპორციულია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე, სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს ურჩევს გაასაჩივრონ ჯარიმები. მისივე შეფასებით, ყოველ დღე ასობით მოქალაქე საკუთარი გამოცდილებით რწმუნდება, რომ სასამართლო არ არსებობს.

ხუთი ფონდი, რომლებიც საპროტესტო აქციების დროს დაკავებულებსა და დაზარალებულებს ფინანსურად ეხმარებიან, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და დაჯარიმებულებს თხოვნით მიმართავს, გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები.

„თხოვნით მივმართავთ ყველა დაჯარიმებულ პირს, რომ ჩვენი თანადგომის პარალელურად, აუცილებლად გაასაჩივრონ დაკისრებული ჯარიმები ყველა შესაბამის ინსტანციაში“, - ვკითხულობთ 22 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.

„ეს პროცესი ფონდებს დამატებით დროს მისცემს საჭირო ფინანსური რესურსების მოსაზიდად და ამავდროულად, ტვირთად დააწვება სისტემას, რომელიც მსგავსი მეთოდებით ცდილობს ზეწოლას მოქალაქეებზე“, - აცხადებენ ფონდები.

„გასაჩივრების პროცედურების დასრულების შემდეგ, დაზარალებულთა დახმარების ფონდები, თავიანთი გაცხადებული მიზნების ფარგლებში, არსებული რესურსების შესაბამისად უზრუნველყოფენ ჯარიმების ანაზღაურებას“, - წერია განცხადებაში.

მათ თანახმადვე, პირველ რიგში ანაზღაურდება ის ჯარიმები, რომლებიც გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება და უკვე დადგენილია გადახდის საბოლოო ვადა.

ეს ფონდები არიან:

  • „ფროსფერითი ჯორჯია“
  • „ნანუკას ფონდი“
  • „ერთმანეთისთვის“
  • „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი“
  • „საქართველოს უნივერსიტეტი“.

„ზეწოლა ძლიერდება“

ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ამ ვითარებაში „ზეწოლა ვრცელდება არა მხოლოდ მოქალაქეებზე, არამედ ბიზნესსა და იმ პირებზეც, რომლებიც დაჯარიმებულების ფინანსურ დახმარებას ფონდების საშუალებით ცდილობენ“.

პარალელურად, ისინი აცხადებენ, რომ დახმარებას აგრძელებენ და პირობას დებენ, რომ მომავალშიც გააგრძელებენ იმის მიუხედავად, რომ „ე.წ. ხელისუფლება ახალ შეზღუდვებს აწესებს და აძლიერებს ფინანსურ სანქციებს, ზრდის ჯარიმებს, რაც პირდაპირ ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას“.

ორგანიზაციების განცხადებით, მათი ადვოკატები მზად არიან უფასო სამართლებრივი დახმარება გაუწიონ მოქალაქეებს გასაჩივრების პროცესში. ასევე, განცხადებაში მითითებულია უფასო იურიდიული დახმარების ცხელი ხაზის ნომრები:

  • +995 577 07 05 63;
  • 0322 05 26 44;
  • +995 599 99 69 53;
  • 0322 42 07 37;

„ერთ დღეში 750 000 ლარი“

ბოლო დღეებია, საპროტესტო აქციებზე „გზის ხელოვნურად გადაკეტვის“ გამო, ყოველდღიურად, ათობით ადამიანს მისდის საჯარიმო ქვითარი.

მოქალაქეების ნაწილს, პოლიციის წარმომადგენლები მობილურით, ე.წ. კერძო ნომრიდან ატყობინებენ, რომ მათზე ჯარიმაა გამოწერილი. მეორე ნაწილთან კი პირდაპირ სახლში მიდიან და საჯარიმო ოქმის შინაარსს აცნობენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, 21 თებერვალს ორგანიზაციამ მიიღო 150-მდე ზარი და თითქმის ყველა ეხებოდა გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმებას.

„ეს დაახლოებით 750 000 ლარის ღირებულების ჯარიმაა მხოლოდ ერთ დღეზე“, - აცხადებს ქურდოვანიძე.

რას ამბობს კანონი?

რადიო თავისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) იურისტმა შორენა ლოლაძემ განუმარტა, რას ამბობს კანონმდებლობა ჯარიმებთან დაკავშირებით:

  • თუ მოქალაქეს აჯარიმებს სასამართლო, მან ჯარიმა დადგენილების ჩაბარებიდან 7 დღეში უნდა გადაიხადოს. გასაჩივრება შეუძლია სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ საჩივარი გადახდის ვადას არ აჩერებს.
  • თუ პირდაპირ პოლიციამ დააჯარიმა (ასე ხდება 6 თებერვლის შემდეგ მიღებული ცვლილებებით), მოქალაქეს გასაჩივრება შეუძლია ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო შემდეგ - სასამართლოში.
  • ამ შემთხვევაში ადამიანს შეუძლია, ჯარიმა მხოლოდ მაშინ გადაიხადოს, როდესაც სასამართლოში საქმის განხილვა დასრულება. თუ დაჯარიმებული არ გაასაჩივრებს დაკისრებულ ჯარიმას, მაშინ მისი გადახდა 30 დღის განმავლობაში მოუწევს.
  • თუ სააპელაციო სასამართლომ დაჯარიმებული გაამართლა, თანხა დაუბრუნდება. თუ არ გაამართლა, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების უფლება მას უკვე აღარ აქვს.
  • დაჯარიმებულს შეუძლია მიმართოს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქმის განხილვას წლები სჭირდება, თან გასაჩივრება თანხის გადახდის ვალდებულებას არ შეაჩერებს.

2024 წლის 19 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ „თიბისიმ“ და „საქართველოს ბანკმა“ 5 მილიონი ლარი გამოყვეს აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად. ბანკების თანახმად, გამოყოფილი თანხის ერთი ნაწილი - 2,5 მლნ ლარი - გადანაწილდება შემდეგ ფონდებში:

  • #ერთმანეთისთვის;
  • სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia;
  • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.

ხოლო თანხის მეორე ნაწილი - ასევე 2,5 მილიონი ლარი - მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით.

წყარო: რადიო თავისუფლება