„ფასების ზრდა მხოლოდ დამატებულ თანხას კი არ ეხება, უკვე არსებულ პენსიასაც აუფასურებს - ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ციფრებში არ უნდა ჩანდეს“ - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი კახა კახიშვილი 2027 წლის იანვრიდან დაგეგმილ პენსიების ზრდას.
ცნობისთვის, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში წლიურმა ინფლაციამ 5,9% შეადგინა. ამის პარალელურად, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია 45 ლარით გაიზრდება და 415 ლარს მიაღწევს, ხოლო 70 წლისა და უფროსი ასაკის პენსიონერებისთვის მატება 60 ლარი იქნება და პენსია 555 ლარს შეადგენს.
კახიშვილის შეფასებით, პენსიის მატება დადებითი მოვლენაა, თუმცა მთავარია, რამდენად გააუმჯობესებს ის პენსიონერების ცხოვრების ხარისხს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში აუცილებელი პროდუქტებისა და მომსახურების ფასები იზრდება. ის მიიჩნევს, რომ პენსიისა და ხელფასების ზრდის მთავარი მიზანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება უნდა იყოს და არა მხოლოდ გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების საფასურის გადახდის შესაძლებლობის შენარჩუნება.
„რა თქმა უნდა, პენსიის ზრდა კარგია და ამას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ პენსიებისა და ხელფასების გაზრდის მიზანი ხომ ის უნდა იყოს, რომ ადამიანებმა უკეთ იცხოვრონ და არა მხოლოდ გაძვირებული პროდუქტებისა და მომსახურების საფასურის გადახდა შეძლონ. მით უმეტეს, როდესაც მუდმივად გვესმის, რომ ქვეყნის ეკონომიკა იზრდება.
შეიძლება ვინმემ თქვას, რომ პენსია სწორედ ინფლაციის გამო იზრდება, მაგრამ ფასების ზრდა მხოლოდ დამატებულ თანხას კი არ ეხება, უკვე არსებულ პენსიასაც აუფასურებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანს ყოველთვიურად მედიკამენტების შეძენა და მკურნალობის ხარჯების დაფარვა უწევს.
კარგია, როდესაც პენსიონერს შვილები, შვილიშვილები ან სხვა ახლობლები ეხმარებიან. მაგრამ რა ქნას იმ ადამიანმა, რომელიც მარტოა და მთელი თვე მხოლოდ თავისი პენსიით უნდა იცხოვროს? როგორ გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, იყიდოს საკვები, მედიკამენტები და სხვა აუცილებელი ნივთები? ამ ყველაფრის შემდეგ რა თანხა რჩება მას?
კარგად მესმის, რომ სახელმწიფოს დღეს არ შეუძლია პენსიების ერთბაშად იმდენად გაზრდა, რომ ისინი ევროპის ქვეყნების საპენსიო დონეს გაუტოლდეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებული მდგომარეობა მისაღებია. უნდა გამოინახოს ყველა შესაძლო გზა, რათა პენსიონერმა შეძლოს თვის ბოლომდე ნორმალურად ცხოვრება და არ უწევდეს არჩევანის გაკეთება საკვებს, მედიკამენტებსა და კომუნალურ გადასახადებს შორის.
შესაძლოა, ვინმემ ეს მოსაზრებები პოპულიზმად შეაფასოს. თუმცა აქ მოყვანილი ფასების ზრდის მაჩვენებლები საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური მონაცემებია. ამ ციფრების მიღმა კი ადამიანების ყოველდღიური პრობლემები დგას.
თუ ფასების ზრდა დამატებული შემოსავლის მნიშვნელოვან ნაწილს შთანთქავს, ადამიანის ცხოვრების დონე კი უცვლელი რჩება ან ზოგ შემთხვევაში უარესდება კიდეც, მაშინ ჩნდება კითხვა: ბოლოს და ბოლოს, როდის უნდა იგრძნოს ადამიანმა საკუთარ ცხოვრებაში ის ეკონომიკური ზრდა, რომლის შესახებაც მუდმივად გვესმის?
ეკონომიკური ზრდა მხოლოდ ციფრებში არ უნდა ჩანდეს. ის ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზეც უნდა აისახოს.
და ბოლოს, მინდა იმ ადამიანებს, რომლებიც სოციალური პოლიტიკის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებენ, ერთი რამ შევახსენო: წლები ისე სწრაფად გადის, ვერც კი ვამჩნევთ, როგორ ვუახლოვდებით საპენსიო ასაკს. ადრე თუ გვიან, ამ ასაკს ჩვენც მივაღწევთ, ისევე როგორც ჩვენი მეგობრები, ახლობლები და ოჯახის წევრები. ამიტომ პენსიონერების პრობლემებზე საუბრისას მხოლოდ ციფრებითა და ბიუჯეტის შესაძლებლობებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ამ ციფრების მიღმა ადამიანები არიან, რომლებმაც წლების განმავლობაში იმუშავეს და ოჯახები გაზარდეს. დღეს კი მათ უნდა შეეძლოთ საკუთარი პენსიით ნორმალურად ცხოვრება ისე, რომ ყოველდღე არ უწევდეთ არჩევანის გაკეთება საკვებს, წამლებსა და კომუნალურ გადასახადებს შორის“ - წერს კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში.