ბიო მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორი მარიამ ჯორჯაძე მიიჩნევს, რომ საჭიროა არა ფასების კვლევა, არამედ რეგიონების მიხედვით ნიადაგის კვლევა, სად რამდენია დაბინძურება და ამის მიხედვით რეკომენდაციების გაცემა, შესაბამისი ზომების მიღება.

შეგახსენებთ, რომ სურსათის, მედიკამენტების და საწვავის შემდეგ, მთავრობა პესტიციდების ფასის შესწავლასაც იწყებს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ამბობს, რომ პესტიციდების ფასების შესწავლა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას მარიამ ჯორჯაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა სტიქიურად, იმის მიხედვით, ვითარდება, რა მიმართულებითაც სახელმწიფო სუბსიდირებას აცხადებს, თუმცა, მალევე პროექტების უმეტესობა უშედეგოდ სრულდება.

განათლებაა საჭირო, აუცილებელია სოფლის მეურნეობაში სხვა მიდგომების დანერგვა. ჩვენთან სტიქიურად განვითარდა და ბევრი აკეთებს იმას, რასაც სახელმწიფო შესთავაზებს - დღეს დარგავენ ნესვს, ხვალ კივის და ასე შემდეგ, იმის მიხედვით, რა პროგრამები აქვს სახელმწიფოს. შემდეგ ეს პროგრამები იხურება, რის შემდეგაც მეურნეობები ვეღარაფერს აკეთებენ და ძალიან ცუდ შედეგებს ვიღებთ.

რა შედეგები მივიღეთ კვერცხის 5%-იანი გაიაფებით? ფასების კვლევა კი არ არის საჭირო, აუცილებელია რეგიონების მიხედვით ნიადაგის კვლევა, სად რამდენია დაბინძურება და ამის მიხედვით რეკომენდაციების გაცემა, შესაბამისი ზომების მიღება; საჭიროა ლაბორატორიების აღჭურვა ისე, რომ შეძლონ პესტიციდებისა და მავნე ნარჩენების გამოვლენა; საჭიროა, გვქონდეს აკრედიტებული ლაბორატორიები, გვყავდნენ სპეციალისტები, რომლებიც ამაზე იმუშავებენ. არანაირი სისტემა ამ მხრივ არ არსებობს. კი, არის სურსათის უვნებლობის სააგენტო, მაგრამ ძალიან მწირი რესურსებით, რაც ამ ყველაფერს ვერ გასწვდება“, - აცხადებს მარიამ ჯორჯაძე.