სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა, რომელიც არ აქვს და ეს უნდა უკავშირდებოდეს პირველ რიგში ავტოპარკის განახლებას და ეკოტრანსპორტის წახალისებას. ამის შესახებ „კომერსანტის“ ეთერში საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილის შეფასებით არასწორია ის მიდგომა, რომ განბაჟების შეღავათები მხოლოდ ე.წ შუა ასაკის ავტომობილებს ეხება. მისი თქმით, თავის დროზე ახალი ავტომობილებისთვის განბაჟების მაღალი ფასის დაწესების არგუმენტი იყო ის, რომ ძვირიანი ავტომობილის მყიდველს მისი გადახდის შესაძლებლობაც ექნებოდა, თუმცა მესხიშვილის თქმით, ახალ ავტომობილებიც არის ბიუჯეტური და მათი ყიდვა  ადამიანმა შესაძლოა სწორედ განბაჟების ფასის გამო ვერ შეძლოს.

„სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ტრანსპორტის განვითარების პოლიტიკა რომელიც არ აქვს და ეს უნდა უკავშირდებოდეს პირველ რიგში ავტოპარკის განახლებას და ეკოტრანსპორტის წახალისებას. განბაჟების სისტემა ახალისებს 5-8 წლის ასაკის ავტომობილების შემოყვანას. ახალი ავტომობილების და ძველი ავტომობილების განბაჟების ფასი მაღალია. ეს არის ძალიან ცუდი სისტემა და შესაცვლელია,“ - განაცხადა მესხიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში უკვე მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები, რომელიც ქვეყანაში ამორტიზებული ავტომობილების შეყვანას ზღუდავს.

„ჩვენ გარშემო აქვთ შეზღუდვები, რომ აღარ შევიდეს მათ ქვეყნებში ამორტიზებული ავტომობილები. ჩვენთან კი შემოდის ერთი ავტომობილის ცხვირი, მეორის კუდი, მიაბამენ აქ და ელემენტარული შეჯახების დროს ავტომობილი იშლება ნაწილებად. ძალიან საშიშია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. შეიძლება  ავტოსაგზაო შემთხვევებში ასეთი მსხვერპლი არც გვქონოდა ავტოტრანსპორტი რომ შედარებით კარგ მდგომარეობაში იყოს, ამიტომ ახალ იმპორტირებულ ავტომობილებზე  შეზღუდვა ასაკობრივი შეიძლება იყოს, ევროსტანდარტები უნდა დაწესდეს,“- აღნიშნა დავით მესხიშვილმა.