„ელექტრონული სიგარეტის რომ არ არის მავნე, ეს მითი კი არა, ტყუილია, „ნაკლებ მავნე“ რომ არის - ეს არის მითი. თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს იმის პროპაგანდას, რომ ელექტრო სიგარეტი თითქოს ნაკლებად მავნეა, მაგრამ კვლევებით მისი ეფექტურობა 12 თვეზე იქით არ მიდის“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტმა აკაკი ზოიძემ განაცხადა და საქართველოში თამბაქოს შესახებ კანონმდებლობის დანერგვიდან 5 წლის შედეგები შეაჯამა.

მისი თქმით, ბევრი ორგანიზაცია წლების განმავლობაში ცდილობდა გარდატეხა შეეტანა თამბაქოს კონტროლის პოლიტიკაში და მიღებული შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავია.

„სადღაც 100 000-მა ადამიანმა არ დაიწყო მოწევა, ან დაანება თავი თამბაქოს პროდუქტების მოხმარებას და მილიონზე მეტი ადამიანი (რომელიც არ ეწეოდა და არ მოიხმარდა თამბაქოს) გათავისუფლდა საათობით თამბაქოს კვამლში ყოფნისგანაც, იმის გამო რომ დღეს საჯარო სივრცეები - კაფეები და რესტორნები თავისუფალია თამბაქოს კვამლისგან და ეს არის მთავარი მიღწევა.

ამ კანონის შედეგად 30%-ით შემცირდა, მიოკარდიუმის ინფარქტების რაოდენობა, 2018 წლის პირველი მაისიდან შემცირდა და დასტაბილურდა ინსულტების რაოდენობა, სტენოკარდიები, გულის შეტევების გამო სასწრაფოს გამოძახების რაოდენობა - ეს შედეგები პასიური მოწევის და კვამლის ზემოქმედების შემცირების და ახალგაზრდების მიერ მოხმარების არ დაწყებითაა გამოწვეული. 2020 წლის კვლევით 80%-მდე უჭერს მხარს სამასპინძლო სექტორში მოწევის აკრძალვას და 95% - საზოგადოებრივ ტრანსპორტში,“- განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისი თქმით, დღეს ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი პროდუქტები - ელექტრო სიგარეტები და გახურებადი თამბაქოა, რომელთა პროპაგანდა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, საკმაოდ აგრესიული მარკეტინგით ხასიათდება.

„ზოგმა არც კი იცის, რომ ელექტრო სიგარეტების და გახურებადი თამბაქოს წევა და მოხმარება კანონით ისევეა აკრძალული საზოგადოებრივ ადგილებში, როგორც ტრადიციული თამბაქოსი. ხშირად მათი მოხმარება აგრესიული მარკეტინგით საღდება, როგორც ტრადიციული სიგარეტის უსაფრთხო და ნაკლებად ზიანის მომტანი ალტერნატივა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეს ძალიან სახიფათო ტენდენციაა, რადგან მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის მავნებელია ნებისმიერი დოზით და რაოდენობით ნიკოტინი“, - აცხადება აკაკი ზოიძე.

მისი თქმით ელექტრო სიგარეტისა და გახურებადი თამბაქოს არასწორი და დამახინჯებული პროპაგანდა განსაკუთრებით დამღუპველი ახალგაზრდა თაობისთვისაა, რომელთაც არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია მათი მავნებლობის შესახებ.

„ახალგაზრდებში ელექტრო სიგარეტები ერთგვარი „კარიბჭეა“ - იწყებენ ელექტრო სიგარეტით, მერე გადადიან გახურებად თამბაქოზე და მერე შეიძლება გადავიდნენ ტრადიციულ თამბაქოზე. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის დიდი ხიფათი და მახე, რომელიც ახალგაზრდებისთვისაა დაგებული.

ელექტრონული სიგარეტი რომ არ არის მავნე, ეს მითი კი არა ტყუილია, „ნაკლებ მავნე“ რომ არის - ეს არის მითი. თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს იმის პროპაგანდას, რომ ელექტრო სიგარეტი თითქოს ნაკლებად მავნეა. მაგრამ კვლევებით მისი ეფექტურობა 12 თვეზე იქით არ მიდის. სანამ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას მილიონობით ადამიანზე დამყარებული და წლობით შეგროვილი მტკიცებულებები არ ექნება, არ შეუძლია უპასუხისმგებლოდ გააკეთონ განცხადება მის უვნებლობაზე. 60-იან წლებში ექიმები უკეთებდნენ რეკლამას თამბაქოს, მერე უფილტროდან ფილტრიან სიგარეტზე გადასვლა იყო უსაფრთხო ალტერნატივა და ნაკლებ საზიანო, მერე ფილტრიანი „მსუბუქი სიგარეტი“ მიიჩნეოდა კიდევ უფრო უსაფრთხოდ, მაგრამ საბოლოო შედეგი ყველას ერთი აქვს - ყველა მათგანი აზიანებს ადამიანის ჯანმრთელობას და მრავალი რისკფაქტორის გამო, 15 წლით ადრე იღუპებიან მწეველები“, - აცხადებს ზოიძე.

მისი თქმით, საზოგადოებრივი ზიანი უფრო მეტი ელექტრო სიგარეტებს და გახურებად თამბაქოს აქვს და ამას თავისი ახსნა აქვს:

„ვაიპინგი უფრო ძნელად საკონტროლებელია - სიგარეტს სუნი აქვს, ელექტრო სიგარეტს და გახურებად თამბაქოს ნაკლები სუნი აქვს, არ აქვს ფერფლი და ნარჩენები და ეს ყველაფერი მოსახერხებელს ხდის ბავშვებს იმ ასაკში განუვითარდეთ ნიკოტინზე დამოკიდებულება, როცა ნაკლებად ინფორმირებული არიან, მერე კი ძნელია, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლდე“, - აცხადებს აკაკი ზოიძე.

„კომერსანტთან“ საუბრისას აკაკი ზოიძემ საზოგადოების ინფორმირების აუცილებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორ კომუნიკაციას თამბაქოს ინდუსტრია აგრესიული მარკეტინგით ანაცვლებს. მისი თქმით, თამბაქოს მწარმოებლებს წელიწადში 35 მლრდ წმინდა მოგება აქვთ და აქედან 10 მლრდ ახალი პროდუქციის პოპულარიზაციაზე იხარჯება, ამიტომ, საზოგადოების ინფორმირება და სიფხიზლე გადამწყვეტია.