EBRD-ის და GCF-ის მხარდაჭერით თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია და განახლება იგეგმება,- ამის შესახებ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელსაც ასეთი სათაური აქვს: „თბილისი უფრო მწვანე და ინკლუზიური ხდება“.
სტატიის ავტორის თქმით, თბილისი ერთ-ერთი პირველია იმ ქალაქებს შორის, რომელიც EBRD-ის მწვანე ქალაქების ოჯახს შეუერთდა და ბანკმა და ქალაქმა, ჩეხეთის დაფინანსებით, გააერთიანეს ძალები, რომ განავითარონ მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა (GCAP) და ჩამოაყალიბონ ქალაქის გარემოსდაცვითი პრიორიტეტები.
სტატიაში თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი შარკოვი აცხადებს, რომ EBRD-ის დახმარებით მწვანე ქალაქის სამოქმედო გეგმა შეიქმნა, რომელიც 2017-2030 წლებში განსახორციელებელი ინიციატივების ჩამონათვალს მოიცავს. „ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ავტობუსების პარკის განახლებაა. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს CO2-ის ემისიების შემცირებას წელიწადში 45000 ტონით და ჩვენ ეტაპობრივად ვახორციელებთ ამ გადაწყვეტილებებს“, - ამბობს გიორგი შარკოვი.
სტატიაში ნათქვამია, რომ EBRD-ის მწვანე ქალაქების პროგრამის ფლაგმანი პროექტი ქალაქის ძველი, ყვითელი, ჰაერის დამაბინძურებელი ავტობუსების 144 ახალი, ლურჯი, თანამედროვე და ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსით შეცვლა იყო. სტატიის ავტორი წერს, რომ ახალი ავტობუსები უფრო ხშირად და საიმედოდ მოძრაობენ და ემსახურებიან ქალაქის უბნებს. ამას გარდა, ისინი დაბალი ემისიით ხასიათდება და ევროკავშირის რეგულაციების სტანდარტებს შეესაბამებიან.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, ბანკის მხარდაჭერით, ცოტა ხნის წინ კიდევ 226 მწვანე ავტობუსი შეემატა თბილისს. ფლოტი სრულად განახლდა, რამაც საგრძნობლად გაზარდა მგზავრების რაოდენობა და მათი მომსახურების შესაძლებლობები.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, ავტობუსებით მოსარგებლეების რაოდენობა 30%-ით გაიზარდა. ავტობუსების ქსელის გარდა, ბანკისა და მწვანე კლიმატის ფონდის (GCF) მხარდაჭერით თბილისში 12 მეტროსადგურის რეაბილიტაცია და განახლება იგეგმება. უკეთესი განათება და ვენტილაცია და უფრო ენერგოეფექტური ესკალატორები გააუმჯობესებს თბილისელების გადაადგილებას, ხოლო სისტემების კაპიტალური რემონტი ქსელს უფრო კლიმატისადმი მდგრადს გახდის.