„აღმოჩნდა, რომ მთავრობამ ჯერ მესიჯი გაისროლა, რომ დავალიანების მქონე სტუდენტებს დავალიანებას დაუფარავდა და პოსტფაქტუმ დაიწყო ამ უნივერსიტეტებთან ამ საკითხების მოკვლევა და განხილვა“, - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ დილის ეთერში განათლების ექსპერტმა ნანა ტოხვაძემ განაცხადა. მისი თქმით, რაც არ უნდა კარგი ნაბიჯი იყოს, თავისთავად პრობლემაა, როდესაც პრემიერი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას და შემდეგ იწყებს მოლაპარაკებას უნივერსიტეტებთან.
„აბსოლუტურად არანაირი მოკვლევა, წინასწარი შეჯერება არ ყოფილა უმაღლეს სასწავლებლებთან. საარჩევნო, თუ სკანდალის გადასაფარი ნაბიჯი გადადგეს და შემდეგ დაიწყეს მოკვლევა“, - აცხადებს ნანა ტოხვაძე.
მისი თქმით, კიდევ უფრო სამწუხარო ის არის, რომ მთავრობა კერძო უნივერსიტეტების სტუდენტებს, ვისაც დავალიანების გამო სტატუსი აქვს შეჩერებული, დავალიანების მხოლოდ 20%-ს უნულებს, დანარჩენი უმაღლესმა სასწავლებელმა უნდა დაფაროს.
„გუშინ ვნახეთ კიდევ უფრო სამწუხარო ფაქტი, კერძო უნივერსიტეტებს რომელიც ბიზნესად აღიქმება, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლება არა თუ დავალიანების სრულ სუბსიდირებას ჰპირდება, არამედ ატერორებს და ეუბნება, რომ - ჩვენ მხოლოდ საბაზრო ღირებულებას -20%-ს დავფარავთ და დანარჩენი თანხა თქვენ თვითონ ჩამოიწერეთო. შედეგად მივიღებთ იმას, რომ ისევ სტუდენტი გაიჭყლიტებიან“, - ამბობს ნანა ტოხვაძე.
განათლების ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანია მოცემულობა - რა დროსაც სტუდენტებისთვის ამ ტიპის შეღავათის გაწევა მოხდა. ის ვარაუდობს, რომ ეს ნაბიჯი პრემიერს „საკუთარი სკანდალის გადასაფარად“ დასჭირდა, რაც მის ამერიკაში მოგზაურობას უკავშირდება. ნანა ტოხვაძე მიიჩნევს, რომ ამ ნაბიჯით მაინც ვერ მოიხსნება ის ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს აქვთ, საუბარია საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, გაოთხმაგებულ ქირაზე, დასაქმების პროგრამების არ არსებობაზე და ა.შ.
„მანამდე რატომ არ გააკეთა სახელმწიფომ მსგავსი შეღავათი, თუნდაც პანდემიის დროს, როცა ფინანსური დავალიანების გადაუხდელობის გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვმა მაქსიმუმს მიაღწია? ეს მესიჯი ბატონ ღარიბაშვილს საკუთარი სკანდალის გადასაფარად დასჭირდა. თუმცა, ეს სტუდენტების ნაწილს შეიძლება მაინც გამოადგეს, მაგრამ ამ ცვლილებით, იმით რომ გაუნულდებათ ერთი სემესტრით სწავლის საფასური და დავალიანება აღარ ექნებათ, ვერ მოიხსნება ის ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს აქვთ: საუბარია საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, გაოთხმაგებულ ქირაზე, რომლის გადახდაც რეგიონებიდან ჩამოსულ სტუდენტებს უწევთ, საუბარია დასაქმების პროგრამების არ არსებობაზე და ა.შ.“, - ამბობს ნანა ტოხვაძე.