რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „პროფესიული განათლების ნავიგატორი“ კასპის კოლეჯის შესახებ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ჭუჭულაშვილმა და კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის მენეჯერმა, თათია ცინცაძემ ისაუბრეს. 

კასპის კოლეჯმა ავტორიზაცია 2021 წელს გაიარა 8 პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით და ამავე წელს პირველი სტუდენტები მიიღო. ამჟამად, კოლეჯი 9 გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასა და 6 მოკლევადიან პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამას ახორციელებს, რომელთა რაოდენობა უახლოეს მომავალში გაიზრდება.

„პროგრამები თავიდანვე ადგილობრივი შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად შევარჩიეთ, რადგან პროფესიული განათლების პრიორიტეტი არის დასაქმება. ჩვენი კოლეჯი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურითარის აღჭურვილი. აღსანიშნავია, ჩვენი პრაქტიკული მეცადინეობის სახელოსნოები.

ვახორციელებთ სამშენებლო მიმართულების სამ პროგრამას, ასევე, შედუღების და ელექტრობის პროგრამებს, აღსანიშნავია, რომ დასაქმების ყველაზე დიდი მაჩვენებელი სწორედ ამ ორ პროგრამაზე ფიქსირდება. მოთხოვნადია, ასევე, ვიზაჟის და სამკერვალო წარმოების პროგრამები. მებოსტნეობის პროგრამისათვის კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულია სათბური, რომლის მეშვეობითაც პროფესიულ სტუდენტები პრაქტიკული ცოდნისა და უნარების ეუფლებიან. ცალკე აღსანიშნავია პროგრამა კომპიუტერული ქსელი და სისტემები, რომელსაც ვახორციელებთ ინტეგრირებული მიდგომით, რაც გულისხმობს, რომ პროგრამაზე ირიცხებიან აპლიკანტები 9 კლასის განათლებით და დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს დიპლომს, რომელიც გათანაბრებულია სკოლის ატესტატთან.

გარდა გრძელვადიანი პროგრამებისა, კოლეჯი ახორციელებს მოკლევადიან პროგრამებს, რომელთა რაოდენობა გაიზრდება უახლოეს მომავალში,“ - აღნიშნა ქეთევან ჭუჭულაშვილმა. როგორც მან განმარტა, პროფესიულ კოლეჯში ყველა პროგრამაზე სწავლა სრულად უფასოა და სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება.

როგორც გადაცემის კიდევ ერთმა სტუმარმა, კასპის კოლეჯის კარიერის დაგეგმვის და პროფორიენტაციის მენეჯერმა, თათია ცინცაძემ განაცხადა, კოლეჯში ჩაბარების ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს კასპის კოლეჯისგან მიიღოს სრული ინფორმაცია, როგორც ზოგადად პროფესიული განათლების, ასევე, კოლეჯის ყველა პროგრამის, კოლეჯში ჩარიცხვისა და სწავლების შესახებ საკითხებზე.

„მთელი წლის განმავლობაში ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს ასევე, ჩვენთან კვირაში 3-4 დღის განმავლობაში სკოლებიდან თვითონ მოდიან მოსწავლეები, კოლეჯის პროგრამებისა და ინფრასტრუქტურის გასაცნობად. არამხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტიდან, არამედ მთლიანად შიდა ქართლის რეგიონიდან.

დაინტერესება წლიდან წლამდე იზრდება. პროფესიულ განათლებაში ზედა ზღვარი არ არსებობს და პროგრამებზე დარეგისტრირება ნებისმიერ მსურველს შეუძლია“, - აღნიშნა თათია ცინცაძემ.

მისი თქმით, პროფესიული კოლეჯი აქტიურად თანამშრომლობს შიდა ქართლში არსებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, ასევე ჰყავს პარტნიორი ორგანიზაციები თბილისში, რომლებიც პროგრამების დასრულების შემდეგ სტუდენტების დასაქმების პროცესში მონაწილეობენ.

„ელექტრობისა და შედუღების პროგრამების კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი ძალიან მაღალია. ამ პროგრამებზე ფაქტობრივად არცერთი კურსდამთავრებული არის დაუსაქმებელი,“ - აღნიშნა თათია ცინცაძემ.

ქეთევან ჭუჭულაშვილმა გადაცემაში პროფესიული განათლებისა და კოლეჯების გამოწვევებზეც ისაუბრა და ძირითად პრობლემად პროფესიული განათლების არასაკმარისი ცნობადობა დაასახელა, მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე საზოგადოების ინფორმირებისათვის რესურსებს არ იშურებს მთელი ქვეყნის მასშტაბით პროფესიულ განათლებაში ჩართული თითოეული ადამიანი, მათ შორის, კასპის კოლეჯის გუნდი. ასევე, ქეთევან ჭუჭულაშვილმა აღნიშნა დადებითი ტენდენცია, რომ საზოგადოების დამოკიდებულება თანდათან იცვლება და წლიდან წლამდე უფრო მეტი მოტივირებული ადამიანი უერთდება პროფესიულ სტუდენტთა ნაკადს, ვინაიდან მიდი თქმით, ნათელია, რომ პროფესიული განათლება ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას, მიუხედავად ასაკისა, სრულიად უფასოდ დაეუფლოს ახალ პროფესიას და დასაქმდეს.