,,საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების’’ თავმჯდომარე აცხადებს, რომ პროფკავშირების მიმართ გამოთქმული პრეტენზიები უსაფუძვლოა. ირაკლი პეტრიაშვილი ,,კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ პრეტენზიებს მხოლოდ ვიწრო ჯგუფი აფიქსირებს და მათ მაღაროელების სახელით საუბრის უფლება არ აქვთ. მისივე თქმით, მაღაროელებს ხელფასის 60%-ის მოთხოვნების წამოყენების იურიდიული საფუძველი სწორედ პროფკავშირების ჩართულობით მიღებული ხელშეკრულების გათვალისწინებით აქვთ. ირაკლი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ვიწრო წრე პროფესიული გაერთიანების მიმართ პრეტენზიებს აფიქსირებს და პოლიტიკურ ლოზუნგებს აჟღერებს, რადგან მათ მაღაროს მმართველობაში მოსვლა სურდათ.
,,ყველა მაღაროელის სახელით რომ საუბრობს ეგ ხალხი, რამდენად აქვთ მაგის უფლება? ჩვენ იქ გვყავს წევრები და ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი წევრების სახელით, რომლებსაც განცხადება აქვთ დაწერილი პროფკავშირებში გაწევრიანების შესახებ. არაერთხელ განვაცხადე რა პრობლემებიც არის მაგ ჯგუფთან დაკავშირებით. ნაციონალიზაცია, გერმანელი კომუნისტები, ჩინოვნიკებთან ერთად და ა.შ. მაგათთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანებთან ერთად ბუნებრივია მე არაფერი მესაქმება. მეორე საკითხი - თუ მაღაროელები ახლა რამეს ითხოვენ და რაიმე შეუძლიათ მიიღონ, ეს არის მხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები, რომელიც აქვს კომპანიას სწორედ პროფკავშირთან. არა კონკრეტულ მაღაროელთან ან იმ საინიციატივო ჯგუფთან თუ მშრომელთა კავშირთან, თუ რაც დაირქვეს, არამედ პროფკავშირებთან. პროფკავშირები რომ გაგიჟდეს და გაწყვიტოს ეს ხელშეკრულება, ამ ხალხს იურიდიული საფუძველი არ ექნება რომ კომპანიას მოსთხოვოს ხელფასები. მაგ ხალხის მოთხოვნა არის უფასო ტრანსპორტი, ნაციონალიზაცია, მთავრობამ რომ უნდა მართოს, ბავშვთა ფონდის შექმნა და ა.შ. ტრანსპორტიც კარგია, ბავშვთა ფონდიც კარგია, მაგრამ დღეს პური არ აქვს იქ რიგით მაღაროელს. ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე. მაგათ კბილი მოეჭრათ იმასთან დაკავშირებით, რომ საბოლოო ჯამში უნდოდათ თვითონ ემართათ მანდ სიტუაცია. პროფკავშირები ყელში ჰყავთ გაჩხერილი თავისი მიზნების მისაღწევად და ამ მიზნებს ვერ აღწევენ. მიზანი კი გახლავთ ე.წ. ნაციონალიზაცია, კომუნისტური ლოზუნგები და ა.შ. საბაზრო ეკონომიკის პრინციპებზე მყოფი ქვეყანა ვართ და რა ვიცი ნამგალი და ურო თუ უნდა ისევ ამ ქვეყანას. ვინც ამ ლოზუნგებს აფრიალებს ეს ვიწრო წრეა. თითოეულ მაღაროელს როცა შია ის ყველას უსმენს, იმიტომ რომ არის სასოწარკვეთილ მდგომარეობაში და მას საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკური ლოზუნგები“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
,,საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების’’ თავმჯდომარე ამბობს, რომ პროფკავშირები მაღაროელების ინტერესების დასაცავად ყველა პროცედურას გადის. მათ შორის სამართლებრივსაც, რათა მაღაროელებმა ხელფასის 60%-იანი ანაზღაურება მიიღონ. ,,ჯორჯიან მანგანეზი" აცხადებს, რომ გაკოტრდა და აღებული ვალდებულების შესრულება და ხელფასების 60%-ის გადახდა არ შეუძლია. კომპანიამ სასამართლოს მიმართა, რათა ის გადახდისუუნაროდ იქნეს მიჩნეული. პროფკავშირებმა კი სასამართლოს საპასუხო სარჩელით მიმართეს. პარალელურად კომუნიკაცია მიმდინარეობს ბანკებთან, რათა მათ მაღაროელებს ხელფასები ჩაურიცხონ.
,,ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ მივმართეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას და მოვიწვიეთ. სამმხრივი კომისია შედგა მთავრობის საკმაოდ მაღალი წარმომადგენლების ჩართულობით, სადაც როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან გეგმებზე გვქონდა საუბარი. მოკლე ვადიან გეგმაში იგულისხმება 60%-იანი განაცდურის აღება. რამდენი საწარმო დაიხურა, სადაც პროფკავშირი არ იყო. ბევრი იცით ეგეთი საწარმო, სადაც არ მუშაობაში 60%-ს იხდის ბიზნესი? ერთი წელია ამას ხომ იღებენ. კომპანია აცხადებს, რომ გაკოტრდა და სასამართლოში შეიტანა გადახდის უუნარობაზე. პროფკავშირმა შესაგებელი სარჩელი შეიტანა და სასამართლოს ეუბნება, რომ ამ ორგანიზაციას ჩვენს წინაშე აქვს ვალდებულებები და არ გახსნა გაკოტრების საქმეო. იურიდიულად ამას ვაკეთებთ. მეორე მხრივ, მივმართეთ მთავრობას და სამმხრივი კომისია ჩაინიშნა და მთავრობა ყველაფრის საქმის კურსშია. ვეძებთ გამოსავალს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ამ ხალხმა თავისი ანაზღაურება მიიღონ. ველაპარაკებით ბანკებს. გვაქვს ბანკებთან ურთიერთობა, რომ კომპანიას თუ არ ენდობიან იქნებ პროფკავშირების გარანტიით მაინც გასცენ ეს 60%-იანი ანაზღაურება, რადგან ჩვენს წევრებს შიათ“, - აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.
მაღაროელმა ტარიელ მიქაცაძემ მთავრობის ადმინისტრაციასთან ჭიათურის მაღაროელების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა, რომ 3500 მაღაროელის სახელით სრულ უნდობლობას უცხადებენ ირაკლი პეტრიაშვილის პროფკავშირს. აქციის მონაწილე მაღაროელებმა თქვეს, რომ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება მათ ინტერესებს არ იცავდა, რის გამოც ისინი პროფკავშირების მოთხოვნებს, რომელიც მათ კომპანიის მისამართით აქვთ, ემიჯნებიან.