საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია (GREDA), ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, იწყებს ახალ საგანმანათლებლო პროექტს „მწვანე მომავალი - განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში”.  პროექტის მიზანია რეგიონის სკოლების უფროსკლასელებში განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. პროექტი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს იმ რეგიონებს, სადაც განახლებადი ენერგიის განვითარების მაღალი პოტენციალია. პროექტის ფარგლებში GREDA-ს გუნდი ატარებს შეხვედრებს, რომლებიც აერთიანებს პრეზენტაციებს, დისკუსიებსა და პრაქტიკულ აქტივობებს. შეხვედრების დროს მოსწავლეები ეცნობიან: ·

განახლებადი ენერგიის ძირითად წყაროებსა და მათ მნიშვნელობას ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისათვის; ·

ენერგეტიკის კავშირს კლიმატის ცვლილებასა და გარემოს დაცვასთან; ·

სანდო ინფორმაციის მნიშვნელობასა და კრიტიკული აზროვნების როლს ენერგეტიკის სფეროში; ·

განახლებად ენერგიასთან დაკავშირებულ გავრცელებულ მითებსა და რეალურ ფაქტებს; ·

დასაქმების შესაძლებლობებს ენერგეტიკის სფეროში. პროექტის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და ინტერესის გაღვივება ენერგეტიკისა და STEM მიმართულებების მიმართ. საგანმანათლებლო პროგრამა დასრულდება ინტელექტუალური კონკურსით „რა? სად? როდის?“ ფორმატში, რომელიც თბილისში გაიმართება და რეგიონებიდან შერჩეული გუნდების მონაწილეობით დასრულდება. პროექტის მიზანია ინფორმირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ახალგაზრდების ჩამოყალიბება, რომლებიც მომავალში შეძლებენ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის მდგრადი და უსაფრთხო ენერგეტიკული მომავლის ფორმირებაში. პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით და ხელს უწყობს ახალგაზრდების განათლებას, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციას.