„თიბისი კაპიტალის“ პროგნოზით, 2024 წელი თბილისის უძრავი ქონების ბაზრისთვის 4-5%-იანი კლებით დასრულდება. 2024 წლის 8 თვეში ჯამურად ტრანზაქციების მიხედვით გაყიდვები 2%-ით არის შემცირებულია, ხოლო მნიშვნელოვან ზრდას არც 2025 წლისთვის ელოდებიან.

ასევე კლება შეინიშნება რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინების შეძენის პროცენტულ მაჩვენებელზე. საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის პროფესიული განათლების მიმართულების ხელმძღვანელისა და კომპანია „ჯეორეალთის“ დირექტორის, მაია გამზარდიას თქმით, საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვებში საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ისრაელისა და ჩინეთის მოქალაქეების წილი გაიზარდა.

,,მე და ჩემს კომპანიას რუსეთის მოქალაქეებთან მუშაობის გამოცდილება არ გვაქვს, რადგან მათზე არც ერთი ობიექტი არ გაგვიყიდია. ტენდენცია აჩვენებს, რომ ჩინეთისა და ისრაელის მოქალაქეებიდან საქართველოში ბინის შეძენაზე მოთხოვნა ნამდვილად გაზრდილია. პირადი დაკვირვებით, რუსეთის მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა საქართველო დატოვა.

რაც შეეხება ომის ფაქტორს, არა მხოლოდ ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე ომისას, არამედ ზოგადად, ყველა ომის მიმდინარეობისას, საქართველო ერთგვარი ნავსაყუდელია იმ ქვეყნებისთვის, რომელთა მოქალაქეებიც მარტივად ჩამოდიან ჩვენთან.

როდესაც მოთხოვნა იზრდება, ბუნებრივია, თუ დეფიციტი იქმნება კონკრეტული ობიექტების, ფასებიც იზრდება. ვერ ვიტყვი, რომ საშუალო სეგმენტში დეფიციტია, ამ მოთხოვნის თვალსაზრისით. მოთხოვნა მართალია არის, თუმცა ბინების რაოდენობაც საკმაოდ ბევრია.

ბინის ქირის ფასის ზრდას არ ვვარაუდობ, პირიქით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, ახლა ყველაზე დაბალია ბინის ფასი.

ყველაზე სტაბილური მაღალი კატეგორიის ბინებია, რომლებიც გათვლილია VIP მომხმარებლებზე, მაგალითად საელჩოების წარმომადგენლებზე“,- ამბობს „კომერსანტთან“ მაია გამზარდია.

„ჯეორეალთის“ დირექტორის შეფასებით, ბინების ქირის ფასი საშუალო კატეგორიის ბინებზე შემცირებულია. რაც შეეხება უძრავი ქონების  შეძენას აქაც კლება შეინიშნება, რის ერთ-ერთ მიზეზადაც მომხმარებლები მომავალ საპარლამენტო არჩევნებს ასახელებენ.

„ჩვეულებრივი საშუალო სეგმენტის ბინების ქირის ფასი შემცირებულია. ბიუჯეტური ბინები, ანუ სტუდენტებზე გათვლილი ბინები, ყოველთვის პრობლემა იყო, მითუმეტეს ცენტრალურ ნაწილში, ეს ასე რჩება, ამ მიმართულებით არაფერი შეცვლილა, თანაც ასეთი ბინები ძალიან ცოტაა.

საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა შემცირებულია. ე.ი მოთხოვნაა შემცირებული. ეს შეიძლება ორი მიზეზით იყოს გამოწვეული, პირველი, უცხოეთის მოქალაქეები ნაკლებად ჩამოდიან საქართველოში, მეორე - ახლა წინასაარჩევნო პერიოდი გვაქვს.

სამწუხაროდ, ეს წინასაარჩევნო პერიოდები არა მხოლოდ ჩვენს ბიზნესზე, არამედ ყველა ბიზნესზე ცუდად აისახება. ტენდენციური გადაწყვეტილება, რომ არჩევნები მოდის და არ ვიცი რა იქნება, ძალიან მოქმედებს. არადა, ბინის ყიდვა ახლა ყველაზე მომგებიანია.

ჩემი შეფასებით, ეს სწორი არ არის, რადგან ბინების ფასზე ტენდენციას სხვადასხვა ფაქტორი აყალიბებს, მაგალითად, მოთხოვნის ზრდა, სამშენებლო მასალების ფასის ზრდა-შემცირება, დოლარის ინფლაცია და შესყიდვის კურსი, დასაქმებულების ხელფასის ზრდა, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებაც თუ ნედლეული საიდან შემოდის, რომ შევაჯამოთ, ამ ჩამონათვალში პოლიტიკური მიმართულება არსად არ არის.

უბრალოდ, ეს ხალხის ფაქტორია- დადიან, ბინებს ათვალიერებენ და გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ელოდებიან, რა იქნება არჩევნების შემდეგ“,- აღნიშნა მაია გამზარდიამ.  

ქრისტინა კვაჭანტირაძე