მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალების უფლებრივი მდგომარეობის გაძლიერების და ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) ერთობლივი ორგანიზებით, ქუთაისში, ზუგდიდში და ახმეტაში მცხოვრებ ქალბატონებთან სამუშაო შეხვედრები  გაიმართა – ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.

„შეხვედრები კითხვა-პასუხის, დიალოგის ფორმატში გაიმართა, სადაც GCCA-ის წარმომადგენელმა, პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით, რეგიონში მცხოვრებ ქალბატონებთან ერთად, კანონის სამართლებრივი საფუძვლები, სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტები, თუ როგორ უნდა დაიცვან საკუთარი უფლებები და დარღვევის შემთხვევაში ვის უნდა მიმართონ, მომხმარებლის უფლებები და მოვაჭრის ვალდებულებები,  დეტალურად მიმოიხილეს.

შეხვედრებს ხელმძღვანელობდნენ - GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსი, სერგო სანიკიძე და გაეროს ქალთა ფონდის ადგილობრივი პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მომხმარებელთა უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, ქალბატონებთან და სხვა მიზნობრივ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაიმართება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.