უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთისთვის მთავარ მოკავშირედ ნავთობის ბაზარზე საუდის არაბეთი გახდა. რადგან ის კრემლის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2022 წელს საუდის არაბეთს არწმუნებდა, რომ გაეზარდა  წარმოება და რუსული სანქცირებული ნავთობი ჩაენაცვლებინა. თუმცა პრინცი ბინ სალმანი პუტინთან ალიანსის ერთგული დარჩა და პირიქით, დღეში 2 მილიონი ბარელით შეამცირა მარაგი. ასე გახდა საუდის არაბეთი კრემლის მთავარპარტნიორნავთობის ბაზარზე.

თუმცა, როგორც ჩანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში თაფლობის თვე დასასრულს უახლოვდება. ახლა შესაძლოა რუსეთისთვის ყველაზე ცუდი სცენარი გათამაშდეს. საუდის არაბეთის პრინცი BRICS-ის სამიტზე პუტინთან ერთად მონაწილეობაზე უარს ამბობს და ნავთობის ფასის 50 დოლარამდე დაწევით იმუქრება. BRICS-ის სამიტი 22-24 ოქტომბერს ყაზანში გაიმართება. პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა არ მიიღო მოწვევა.

 

სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ კრემლს სურდა ბინ სალმანისამიტზე ნახვა. რუსეთის ხელისუფლებაში პრინცს ,,ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკური მოვლენა"  უწოდეს. ქების მიუხედავად რიადისგან მათ უარი მიიღეს. პრინცის გადაწყვეტილების მიზეზი უცნობია. სამიტზე საუდის არაბეთი საგარეო საქმეთა მინისტრს გააგზავნის. რუსული მხარე მიუთითებს, რომ დასავლეთის ქვეყნები ზეწოლას ახდენენ მათ „პარტნიორებზე“ და მათ საფრთხეს უქმნიან.

Financial Times-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ რიადში შეშფოთებულები არიან ნავთობის ბაზარზე წილის შემცირებით, რის გამოც წარმოების გაზრდას გეგმავენ. ამ პოლიტიკას განახორციელებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დაბალი ფასების დიდხანს შენარჩუნებას მოითხოვს.

 

საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა აბდულაზიზ ბინ სალმანმა განაცხადა, რომ OPEC+-ის წევრი ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ ყაზახეთი და ერაყი, არ ასრულებენ თავიანთ კვოტებს. რის გამოც ის დაემუქრა, რომ ბარელის ფასი შესაძლოა 50 დოლარამდე დაეცეს. რუსეთისთვის ეს ყველაზე ცუდი სცენარია. ამ შემთხვევაში ნავთობის ფასები 2014-2016 წლების დონემდე დაეცემა, რაც პუტინისთვის მნიშვნელოვნად გაართულებს „მისი სამხედრო მანქანის დაფინანსებას“.

 

რუსეთისგან განსხვავებით, საუდის არაბეთი უფრო ადვილად გაუძლებს ნავთობის დაბალ ფასს. მიზეზი ასეთია: რიადს შეუძლია მარტივად და სწრაფად გაზარდოს წარმოება და აანაზღაუროს ფასების დანაკარგები მოცულობებით, რადგან არაბეთის უდაბნოში საბადოები ბევრად უფრო ახლოს არის ზედაპირთან, ვიდრე ციმბირ. მით უმეტეს პრეცედენტი უკვე არსებობს. 2020 წელს პანდემიის შუაგულში რუსეთმა OPEC+-ის შეთანხმებიდან გასვლა გადაწყვიტა. მაშინ საუდის არაბეთმა წარმოება დღეში 12 მილიონ ბარელამდე გაზარდა და რეკორდული ფასდაკლებები ამოაცხადა. მსგავსი ფასი ბარელზე 30 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა. ნავთობის ფასებმა 1990-იან წლების ნიშნულამდე დაიწია. (10 დოლარზე ნაკლები Brent-ის ბარელზე). რამდენიმე თვის შემდეგ, კრემლი იძულებული გახდა შეთანხმებას დაბრუნებოდა და ახალ პირობებში წარმოება ყველაზე მეტად შეემცირებინა.

 

ამჟამად საუდის არაბეთი დღეში 8,9 მილიონ ბარელს აწარმოებს. ეს 2011 წლიდან მინიმალური წარმოებაა. დეკემბრიდან სამეფო ყოველთვიურად ბაზარზე 83 ათასი ბარელის დამატებას დაიწყებს, ხოლო 2025 წლის დეკემბრის ბოლოს მიწოდებას დღეში 1 მილიონი ბარელით გაზრდის. წარმოებშეიძლება კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდოს, თუ OPEC+-ის ქვეყნები კვოტებს არ დაიცავენ.