ლევან კობერიძის საავტორო გადაცემაში „ბრენდი საქართველო“ გადაცემის ავტორმა და პროექტ Greta-ს მდგრადი სამთო ტურიზმის კომპონენტის მენეჯერმა ირაკლი კუციამ სამთო ტურიზმის გამოწვევებზე ისაუბრეს.
როგორც ლევან კობერიძემ განაცხადა, საქართველო უცებ აღმოჩნდა მსოფლიო კონკურენციაში, დიდ ტურისტულ ქვეყნების გვერდით, იქ, სადაც არის შვეიცარია, ავსტრია, იტალია, სადაც განვითარებულია სამთო ტურიზმში, სადაც აქვთ მნიშვნელოვანი მიღწევები და არა ლოკალურ, საბჭოთა ბანაკში, სადაც ტურისტული ნაკადი გარანტირებული ჰქონდა. ამიტომ ახალი გამოწვევის წინაშე მყოფი ქვეყანა მოუმზადებელი აღმოჩნდა.
ირაკლი კუციას თქმით, არც ინფრასტრუქტურა, არც სერვისების ხარისხი, არც პროდუქტების დონე ვერ დახვდა მომზადებული ამ ტურისტულ ბუმს, რადგან საქართველო სხვა მასშტაბზე იყო ადრე.
„90-იან წლებში რა ტურიზმზე იყო საუბარი, ნგრევა იყო ქვეყანაში. მთავრობების მიერ წახალისებული ინფრასტრუქტურული პროექტების და სხვადასხვა ბაზრებზე მასიური მარკეტინგული კამპანიების შემდეგ, საქართველოში დიდი რაოდენობის ტურისტებმა დაიწყეს ჩამოსვლა, მაგრამ არც ინფრასტრუქტურა, არც სერვისების ხარისხი, არც პროდუქტების დონე ვერ დახვდა მომზადებული ამ ტურისტულ ბუმს და ეს გასაკვირი არაა,“ - განაცხადა ირაკლი კუციამ.
მისი თქმით, მთავარი პრობლემა ის არის, რომ საქართველოში ბევრს ჰგონია, რომ არაფრის სწავლა არაა საჭირო და ქართული სტუმარმასპინძლობა საკმარისია. მაგრამ ეს ასე არაა.
„სამწუხაროდ, ეს პირდაპირ ასე არ ითარგმნება - ჩვენი სტუმარმასპინძლობა არის ერთი და მსოფლიო ხარისხის სტანდარტი სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიაში, არის მეორე, სადაც უკვე მოსულ მხარეს, რომელიც იხდის თანხას, აქვს კონკრეტული მოთხოვნები. ჩვენთან სტანდარტიზაცია და პროფესიული ხარისხის შეთავაზებისადმი მიდგომა არის ნაკლები, მაგრამ ვითარდება“, - განაცხადა ირაკლი კუციამ.
მისი თქმით, მეორე პრობლემა ინფრასტრუქტურას ეხება, რაც ტურიზმის, განსაკუთრებით სამთო ტურიზმის ამოსავალია.
„ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ისეთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურას, რომელსაც მთავრობები აფინანსებენ. ეს არის ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზები, მანქანის გასაჩერებელი ადგილები. გზების მშენებლობა საქართველოში ყველგან მიდის. თუმცა, სეზონურობიდან გამომდინარე მაღალ მთაში გზების პრობლემა სულ არის. მაგალითად სვანეთში ბევრი მონაკვეთებია, რომელიც გასაკეთებელია და მნიშვნელოვანია იყოს უსაფრთხო,“ -განაცხადა ირაკლი კუციამ.
მისი თქმით, როცა ვაშენებთ ქვეყნის ბრენდს, უნდა გვესმოდეს, რომ ბრენდი არ არის გარეგანი ნიღაბი და ფასადი, რომელსაც გარედან დაინახავენ, ბრენდი უნდა გამოხატავდეს შენს შინაარსს.
„ის, რასაც ჰპირდები „ბრენდში“, უნდა იყოს შენი ცხოვრების წესი, შენი „მე“. ბრენდში გაჟღერებული დაპირებები და კონცეფციები გათავისებული უნდა ჰქონდეს მთელ ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს. ქვეყნის ბრენდინგი იწყებდა ტაქსის მძღოლიდან, ბაზრობაზე მომუშავე გამყიდველიდან და ა.შ. ეს უნდა იყოს ყოვლისმომცველი. თუ ეს არის ხელოვნური, არ იმუშავებს“, - განაცხადა ირაკლი კუციამ.