პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან ირკვევა, რომ ავტომობილების მფლობელთათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა შესაძლოა, სავალდებულო გახდეს. საუბარია იმაზე, რომ თითოეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებული იქნება, დაზღვევის პოლისი შეიძინოს და სადაზღვევო პრემია გადაიხადოს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი სიახლეს მიესალმება და აცხადებს, რომ ეს წარმოუდგენლად დიდი წინსვლა იქნება ქვეყანაში სადაზღვევო კულტურის დაფუძნების.
„20 წელია, ამ საკითხზე ვჭიდაობთ. ბოლო 2 წლის განმავლობაში პროცესი ბევრად უფრო დალაგებულად განვითარდა და ვფიქრობ, რადგან უკვე ჩაიწერა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის განხილვაში, ეს ფაქტი იმედის მომცემია. შარშან მთავრობამ შეიმუშავა კანონპროექტი, რომელიც ახლა უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს ისე არ არის, რომ ვიღაცამ მიუტანა, ვიღაცამ ლობირება გაუწია. ეს კანონპროექტი ეფუძნება ახალი სისტემის შექმნას, ეს არ არის ვალდებულება, დაზღვევა იყიდოს ყველამ. ეს არის სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად წარმოქმნილი უკლებლივ ყველა ზარალის ანაზღაურება. ამდენად, მოითხოვს ძალიან ბევრ შეთანხმებას ორგანიზაციებსა და შსს-ს შორის. ეს არის ძალიან მაღალი სოციალური დაცვის კანონი“, - აღნიშნავს დევი ხეჩინაშვილი.
დევი ხეჩინაშვილისთვის ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, რა ეღირება სავალდებულო დაზღვევა, თუმცა, ვარაუდობს, რომ თვიური გადასახადი დაახლოებით 20-25 ლარი იქნება.
„ახლა ძალიან რთულია ფასზე საუბარი, რადგან არ ვიცით კონკრეტული პასუხისმგებლობები, რაც კანონპროექტში ჩაიდო. არც ის ვიცით, რაზე შეთანხმდება კანონმდებელი. თუმცა მაქვს ერთი ფორმულა, რომელსაც წლების განმავლობაში ვიყენებ და ვფიქრობ, ეს იქნება „4 კანისტრა ბენზინი წელიწადში“ - ალბათ, 250 ლარი წელიწადში, ვნახოთ, რა იქნება. ალბათ, თვეში ასე 20-25 ლარი“, - ამბობს დევი ხეჩინაშვილი.