პირველი ივნისიდან ძალაში შედის რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, თბილისიდან, ქუთაისიდან, ბათუმიდან, ზუგდიდიდან, თელავიდან, ასევე 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებული პუნქტებიდან მგზავრების გადაყვანა მხოლოდ მ3 კატეგორიის ტრანსპორტით, ანუ ავტობუსით იქნება შესაძლებელი. რეგულაციის ძალაში შესვლამდე ორ კვირაზე ნაკლები დროა დარჩენილი მაგრამ, როგორც ირკვევა, ქვეყანაში შესაბამისი ტრანსპორტი შემოყვანილი არ არის.
აქედან გამომდინარე, უკვე ნათელია, რომ მიღებული გადაწყვეტილება ვერ იმუშავებს და ის გადავადდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სატრანსპორტო კოლაფსი გარდაუვალი იქნება, რადგან მგზავრებს ვერც ერთი სადგური ვერ მოემსახურება.
ავტოსადგურ ორთაჭალის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ტრისტან სულაძემ "რეზონანსს" განუცხადა, რომ სადგურები რეგულაციისთვის მზად არიან, თუმცა ავტოპარკის განახლება არ მომხდარა, რადგან სადგურების მეპატრონეები ავტობუსების შემოყვანას ვერ შეძლებენ.
"ავტოსადგურები მოწესრიგებულია, რამდენი ხანია, ემზადებიან შესაბამისი რეგულაციებისათვის და თითქმის ყველაფერი მომზადებულია. ჯერჯერობით ქვეყანაში ავტობუსები შემოყვანილი არ არის და თუ სახელმწიფო მოინდომებს, მოესწრება. ავტოპარკის განახლებას თავად ავტოსადგურების მეპატრონეები ვერაფრით შეძლებენ.
არ ვიცი რეფორმა გადავადება თუ არა, ეს სახმელეთო ტრანსპორტის მესვეურებს უნდა ჰკითხოთ, მაგრამ არა მგონია, რომ გადავადება სწორი იყოს, რადგან თარიღები მუდმივად ინაცვლებს", - განაცხადა ტრისტან სულაძემ.
გარდა ავტოსადგურისა, სატრანსპორტო საშუალების მძღოლებიც ადასტურებენ, რომ ჯერჯერობით ავტობუსები ქვეყანაში შემოყვანილი არ არის.
"კი ბატონო, ორ კვირაზე ოდნავ მეტია დარჩენილი, მაგრამ არც ერთ სადგურში შესაბამისი ტრანსპორტი არ რის. ჩვენ, მძღოლებმა რა უნდა გავაკეტოთ არ ვიცი. პირადი სახსრებით ვერ ვიყიდით ავტობუსებს, იგივეს ამბობენ სადგურების მეპატრონეები, რომ თავად ვერ მოახერხებენ პარკის განახლებას. იმედია, რაიმე დახმარება იქნება, თორემ ასეთ სიტუაციაში ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ და როგორ უნდა მოვიქცეთ არ ვიცით.
გადავადებით არ ვიცი, გადავადდება თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ რეფორმისთვის მზად არ ვართ, შესაბამისი ტრანსპორტის უქონლობის გამო”, - ამბობს თბილისი-ქუთაისის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსის მძღოლი.
საბოლოო ჯამში, რეფორმა შესაძლოა, მართლაც კიდვე ერთხელ გადავადდეს, რადგან ყველაფერი ვერ ესწრება და ამ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ავტობუსებია, რომელიც ქვეყანაში ჯერჯერობით არ არსებობს. პირველი ივნისის შემდეგ ან ძველებურად უნდა გაგრძელდეს მგზავრთა გადაყვანა, ან საერთოდ შეჩერდეს პროცესი, რაც სატრანსპორტო კოლაფსს ნიშნავს.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოშიც ადასტურებენ, რომ მ3 კატეგორიის ტრანსპორტის ავტოპარკის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ და აღნიშნული შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
„გადამზიდველების ნებართვიანობის პროცესის პარალელურად, მიმდინარეობს როგორც იმპორტირებული მ3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების, ისე გადამზიდველების მფლობელობაში არსებული რაოდენობის და ტექნიკური მდგომარეობის შეფასების პროცესი. შეფასების პროცესის დასრულების შემდეგ გამოიკვეთება, ქვეყანაში მ3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოპარკთან დაკავშირებული ერთიანი სურათი“, - აღნიშნეს სააგენტოში და 'ბიზნესპრესნიუსის” კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რეგულაციების ამოქმედების გადავადება - დასძინეს, რომ რეფორმის ეფექტურად მართვისთვის ყველა შესაძლო ალტერნატივას განიხილავენ.
„რაც შეეხება კონკრეტულად მ3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული რეგულაციის ამოქმედების ვადებს, სააგენტო რეფორმის ეფექტურად მართვისთვის განიხილავს ყველა შესაძლო ვარიანტს და ალტერნატივას, რომელიც რა თქმა უნდა, თანხვედრაში იქნება როგორც გადამზიდველების და ავტოსადგურების, ისე მგზავრების ინტერესებთან“, - განაცხადეს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში.
30 აპრილის მდგომარეობით, საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა 2300-ზე მეტმა მძღოლმა უკვე მიიღო. სახმელეთო სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ავტოსადგურების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
ავტოპარკის განახლებამდე, 2025 წლის 1-ელი მარტიდან, ძალაში შევიდა რეგულაცია, რომლის თანახმადაც, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის მძღოლებმა ნებართვა უნდა მიიღონ. ამავე პერიოდში ამოქმედდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, სამგზავრო გადაყვანებში ჩართულ მძღოლებს პერიოდული სამედიცინო შემოწმების გავლის ვალდებულება გაუჩნდათ.
წყარო: "რეზონანსი"