ფარმაცევტული და ბიოტექნოლოგიური ფირმა AstraZeneca, გლობალურად, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების უკან გაწვევას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

კომპანიის განცხადებით, ბაზარზე ახალი ვაქნების გამოჩენამ, რომელიც Covid-ის სხვადასხვა სპეციფიკურ ვარიანტებზეა მორგებული, AstraZeneca-ს მიერ წარმოებულ Vaxzervria-ზე მოთხოვნის შემცირება გამოიწვია.

„პანდემიის ბუმის შემდეგ, COVID-19-ის მრავალი ახალი ვარიანტი გაჩნდა, რომელთა წინააღმდეგაც განახლებული ვაქცინები შეიქმნა. ვაქცინების ჭარბი მიწოდების შედეგად, Vaxzervria-ზე, რომლის წარმოება და მიწოდებაც უკვე აღარ ხდება, მოთხოვნა მკვეთრად დავარდა“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

Vaxzevria „ოქსფორდის უნივერსიტეტთან“ თანამშრომლობით შეიქმნა და Covid-19-ის საწინააღმდეგოდ ერთ-ერთი პირველი ვაქცინაც იყო, რომელიც პანდემიის პირველ დღეებში გამოჩნდა ბაზარზე. არსებული მონაცემებით, ჯამში, გლობალურად სამ მილიარდზე მეტი დოზა იქნა მიწოდებული, მხოლოდ პანდემიის პირველ წელს კი AstraZeneca-ს ვაქცინამ 6.5 მილიონზე მეტი სიცოცხლე გადაარჩინა.